ფეროშენადნობების უმსხვილესი ადგილობრივი მწარმოებელი „ჯორჯიან მანგანეზი“ ფინანსურ ანგარიშგებას ანგარიშგებების პორტალზე არ აქვეყნებს. კომპანიის ფინანსური დირექტორის გიორგი ტატიშვილის განცხადებით, ამას მარტივი ახსნა აქვს.
რატომ არ აქვეყნებს „ჯორჯიან მანგანეზი“ ფინანსურ ანგარიშგებას reportal.ge-ზე - ამ კითხვის საპასუხოდ დეტალურად „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
მისი თქმით, „ჯორგიან მანგანეზი“ ფინანსურ ანგარიშგებას ამერიკული - U.S. GAAP-ის პრინციპით ამზადებს, reportal.ge კი „აიფარესის“ პრინციპით მომზადებულ ანგარიშგებას ავალდებულებთ, ახალ სისტემაზე გადაწყობა კი კომპანიისთვის დიდი ხარჯია, ამიტომ „ჯორჯიან მანგანეზი“ 30 000-ლარიან ჯარიმას იხდის და ფინანსურ მაჩვენებლებს სახელმწიფო პორტალზე არ აქვეყნებს.
„ამხელა კომპანიის „აიფარესზე“ გადაწყობა... თავისი შვილობილი კომპანიებით, კონსოლიდაციაში საკმაოდ ბევრი კომპანია ხვდება, დაკავშირებული, აფილირებული კომპანიებით, ძალიან დიდი ხარჯს მოითხოვს. ამ კრიზისის პირობებში და მანამდეც, ეს იმდენად დიდი ხარჯია, რომ გვირჩევნია 30 000 ლარი ჯარიმა გადავიხადოთ, ვიდრე გადავეწყოთ და მთელი ფინანსური ჯგუფის ძალისმვევა ამაზე მივმართოთ“, - განმარტავს გიორგი ტატიშვილი.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორმა გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა, რომ საუბარი 100 ათასობით დოლარზეა, რომელიც სისტემის შეცვლას სჭირდება, შესაბამისად „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ შესაძლებლობას არ განიხილავს.
ინფორმაციისთვის, reportal.ge - ანგარიშგების პორტალი არის საქართველოში პირველი საჯარო საინფორმაციო რესურსი, რომელიც საქართველოში არსებული სუბიექტების ფინანსურ და მმართველობით ანგარიშგებებს მოიცავს. პორტალი 2017 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეიქმნა კაპიტალის ბაზრებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით.