კომპანია "რუსთავის ფოლადმა" საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი მეტალურგიული საწარმოს შემოსავალმა, 2022 წელს 322 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15 მილიონი ლარით ნაკლები იყო.
2021 წელთან შედარებით კლების მიუხედავად, კომპანიის გაყიდვების ეს მაჩვენებელი მაინც მაღალია, რადგანაც წინა წლებში "რუსთავის ფოლადის" შემოსავლები დაახლოებით 100 მილიონი ლარით ნაკლები იყო.
კომპანიამ 2022 წელს 20.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა.
“კომპანია აწარმოებს ფოლადის ისეთ პროდუქტს, როგორიცაა კვადრატული ნამზადი, არმატურა და უნაკერო მილები. 2020 წელს კომპანიამ დაიწყო 35 ტონიანი მოცულობის ახალი რკალური ღუმელის მშენებლობა. 2021 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით დაასრულა ახალი 35 ტონიანი ღუმელის მშენებლობა, რამაც ფოლადის წარმოების მთლიანი მოცულობა გაზარდა 400 000 ტონამდე წელიწადში. ახალი რკალური ღუმელი აწარმოებს მრგვალ ნამზადებს უნაკერო მილებისთვისაც, რაც მთლიანი წარმოების პროცესის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. 2022 წელს კომპანიამ დაიწყო ახალი გამათბობელი ღუმელის შექმნა არმატურის გლინვისთვის, საწარმოს ეფექტურობის და წარმადობის გაზრდის მიზნით,”- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
შპს "რუთავის ფოლადი" 2011 წელს შეიქმნა. კომპანიის მშობელი კომპანია და საბოლოო მაკონტროლებელი კომპანია იყო Tolanius Beheer BV, რეგისტრირებული ნიდერლანდებში და Park Street Capital L.P. თავად კომპანიის მართვას კი Hunnewell Partners-ი ახდენს.
ანგარიშგების თანახმად, კომპანიის შემოსავლები გაყიდვიდან სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
მთლიანი შემოსავალი - 322 მლნ ლარი;
არმატურის გაყიდვები - 281.8 მლნ ლარი;
უნაკერო მილები - 36.6 მლნ ლარი.
ცალკეული ბაზრების მიხედვით კი, კომპანიის შემოსავლები 2022 წელს ასეთი იყო:
საქართველო - 277 მლნ ლარი;
ევროკავშირი - 20 მლნ ლარი;
დსთ - 15 მლნ ლარი;
აზია - 7 მლნ ლარი;
აშშ - 4 მლნ ლარი.
რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯამური აქტივების ღირებულება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 314 მილიონ ლარს შეადგენდა, მისი ვალდებულებები კი 291 მილიონი ლარი იყო.
კომპანიას 1,500-მდე დასაქმებული ჰყავს.