ქართული ოცნების პარლამენტის მიერ არჩეული ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მომავალშიც გაიმართება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად წარმოდგენილი იქნებიან იმ ბიზნესების ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებისგან განსხვავებულ პოზიციაზე არიან.
ლევან დავითაშვილმა 100-მდე ბიზნესმენთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული თითქმის 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესმენების მხრიდან დაყენებული იყო არაერთი საკითხი, რომელიც ქართულ საზოგადოებას და ბიზნესს აწუხებს.
"პრემიერ-მინისტრმა ვფიქრობ, ძალიან საინტერესო რეჟიმში წარმართა დიალოგი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს უმსხვილესი ბიზნესი. აქ იყვნენ სხვადასხვა პოზიციაზე და სხვადასხვა მოსაზრებაზე მყოფი ბიზნესმენები. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების კურსს უჭერენ მხარს, იყვნენ ადამიანები რომლებიც არ უჭერენ ხელისუფლების კურსს მხარს. საკმაოდ საინტერესო დიალოგის რეჟიმში ვფიქრობ პასუხი გაეცა ყველა იმ საკითხს, რომელიც დღეს ქართულ ბიზნესს აწუხებს. იგივე, რაც საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს. საუბარი იყო პერსპექტივაზე და მომავლის ხედვაზე.
პრემიერმა განმარტა, რომ ჩვენ ღირსებით და კეთილდღეობით ევროპაში მივდივართ და ეს გზა აუცილებლად იქნება წარმატებული. ამ ყველაფერზე პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა.
ბიზნესი მგრძნობიარეა პოლიტიკური მოვლენების მიმართ და მშვიდობა და სტაბილურობა უპირველესი წინაპირობაა, რათა ჩვენ განვითარება განვაგრძოთ.
თუმცა როგორც ბიზნესმენებმაც გააკეთეს განცხადება, იქიდან გამომდინარე რომ არიან მსხვილ ბიზნესში ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, ამიტომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
გადაწყდა, რომ მომავალშიც დაიგეგმება შეხვედრა, სადაც უფრო მეტად განსხვავებული აზრის ბიზნესმენები იქნებიან ჩართული, რათა მათ მიიღონ განმარტებები იმ პოლიტიკაზე, რაც დღეს ქვეყანაში ხორციელდება და ვფიქრობ ისინი მიიღებენ ამ მხრივ ამომწურავ ინფორმაციას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძესა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.