მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობილია, რა კონტრიბუციას ითხოვს APM მთავრობისგან ფოთის პორტის გაფართოებისთვის - ინტერვიუ

ზვიად ჩხარტიშვილი

“APM ტერმინალს ფოთის“ მტკიცებით, ფოთის პორტის გაფართოებაში $200-მილიონიანი ინვესტიცია მთავრობის მიზეზით ჭიანურდება. ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით კი, მიზეზი ინვესტორის საინვესტიციო პრიორიტეტების ხშირი ცვლილებაა. „APM სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ითხოვს“, - რამდენიმე კვირის წინ ახალი დეტალი გააჟღერა ლევან დავითაშვილმა. რა სურს ინვესტორს დღეს და რაში ვერ არწმუნებს სახელმწიფოს - ამ თემაზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ფოთის პორტის ოპერატორ „APM ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა ისაუბრა.

როგორც გავარკვიეთ, კომპანია გზის და რკინიგზის მშენებლობაში სახელმწიფოს კონტრიბუციას ითხოვს, რის გარეშეც ახალი ნავმისადგომის მშენებლობა აზრს კარგავს. საუბარია, დაახლოებით, 1.5 კმ სიგრძის ორზოლიანი გზის და ერთზოლიანი რკინიგზის აშენება-დაერთებაზე პორტის არსებულ ინფრასტრუქტურასთან. ამ დრომდე მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს ფოთის პორტის გაფართოებისთვის საჭირო მიწების გადაცემის საკითხიც. ზვიად ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საუბარია იმ მიწაზე, რომელიც მდინარე რიონის მიერ ნაშალი მასალის ჩამოტანით შეიქმნა და „APM ტერმინალსის“ მიერ წლების წინ შეძენილი 100 ჰა ზღვის სანაპიროს არეალში ექცევა. მოლაპარაკებების საგანია ისიც, თუ რა თანხად მოუწევს "APM ტერმინალსს" სახელმწიფოსგან ამ მიწის გამოსყიდვა.

„APM ტერმინალს ფოთში“ იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უმოკლეს დროში მიიღებს და ფოთის პორტის გაფართოება დაიწყება. "ვიმედოვნებ, შევხვდებით ბატონ ლევან დავითაშვილს; ახალი პრემიერ-მინისტრიც გამონახავს დროს და ამ თემით დაინტერესდება", - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.

შეგახსენებთ: ფოთის პორტის გაფართოებაზე საუბრები 2018 წლიდან მიდის. გაფართოების პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 6,8 ჰექტარი საკონტეინერო ტერიტორიის განვითარებას, ახალ 330 მეტრიან ნავმისადგომს, 1.5 კილომეტრის სიგრძის ტალღმჭრელი მოლის მშენებლობას, შესასვლელი არხის, მოსაბრუნებელი აუზისა და ნავმისადგომის აკვატორიის მოწყობას და ორი Ship-to-Shore საკონტეინერო პროფილის ამწის დამონტაჟებას. პროექტის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ნავსადგური შეძლებს მიიღოს და დაამუშაოს 13.5 მეტრამდე წყალშიგის მქონე გემები - ყველაზე დიდი გემები, რომლებსაც შეუძლიათ შავ ზღვაში შესვლა.

- „APM სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან კონტრიბუციას ითხოვს“ - შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი?

- პირველ რიგში, მადლობა, რომ BMG ამ საკითხზე სვამს კითხვებს. ეკონომიკის მინისტრის ეს კომენტარი მოჰყვა ჩვენს განცხადებას, სადაც ვსაუბრობდით ფოთის პორტის გაფართოების დაწყების გაჭიანურების მიზეზებზე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი დასრულებული გვაქვს და ახლა ველოდებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებას, რომ გაფორმდეს ხელშეკრულება კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს. არანაირ სერიოზულ კონტრიბუციას არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან ხელშეკრულების მონაწილე მხარე ვარ და არაეთიკური იქნება; თუ ეკონომიკის სამინისტროს შენიშვნები ან კითხვები გააჩნია, უმჯობესია, ყველა საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს; ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არასდროს გვქონია, მაგრამ ეტყობა ქართული მომენტია, წყენასაც ჰქონდა ადგილი. კარგა ხანია, არ შევკრებილვართ და ლევან დავითაშვილთან პირდაპირი შეხება არ გვქონია.

- წყენა მოჰყვა „APM ტერმინალს ფოთის“ მიერ განცხადების გავრცელებას, რომლითაც პორტის გაფართოების გაჭიანურებაში, ფაქტობრივად, სახელმწიფოზე გადაიტანეთ პასუხისმგებლობა?

- ვიმედოვნებ, რომ შევხვდებით ბატონ ლევან დავითაშვილს და ახალი პრემიერ-მინისტრიც გამონახავს დროს და ამ თემით დაინტერესდება.

- ირაკლი კობახიძეს შეხვედრის თხოვნით მიმართეთ?

- ჩვენ პირდაპირ არასდროს მივმართავთ, რადგან სახელმწიფოს წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტრო.

- გსურთ პრემიერთან შეხვედრა?

- ახლაც მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ თუ პრემიერს აქვს დამატებითი კითხვები ან შენიშვნები, მხარეები ერთად დავსხდეთ და ვისაუბროთ; ეკონომიკის სამინისტრო თუ კვლავ გააგრძელებს სხვადასხვა tv-ეთერით კომენტარებით გაკეთებას, რომ სახელმწიფოსგან სერიოზულ კონტრიბუციას ვითხოვთ, მივმართავთ, მოგვცენ უფლება, გავასაჯაროოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

- ფაქტია, მაინც არ აკონკრეტებთ რა საკითხები აჭიანურებს ფოთის პორტის გაფართოების დაწყებას, ამიტომ მე დავსვამ კონკრეტულ კითხვებს - სახელმწიფოსთან მოლაპარაკების ერთ-ერთი ნაწილი იყო მიწების გადაცემის საკითხი. გვახსოვს, ხმაურიანი ბრძანება, რომელიც შემდეგ გაუქმდა. რა ხდება დღეს - მიწები გადმოგცათ სახელმწიფომ?

- მიწის გადაცემა კვლავ მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს და ავხსნით, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ 100 ჰა-ს ვფლობთ; ფოთს სპეციფიკური რელიეფი აქვს, ჩრდილოეთით ჩამოდის მდინარე რიონი, რომელიც მსოფლიოში მეორეა ნაშალი მასალის ჩამოტანით, რის შედეგადაც წარმოიქმნა დამატებითი ტერიტორია ანუ „APM ტერმინალსის“ მიერ შეძენილი 100 ჰა წლების წინ იყო ზღვის სანაპირო, მაგრამ რიონის მიერ ჩამოტანილი ნაშალისგან შეიქმნა ახალი ტერიტორია. სინამდვილეში ეს არაა ახალი მიწის ფართობი, რომელიც არ შეუძენია APM-ს.

- თუმცა ახლა ეს მიწა უნდა იყიდოთ?

- დიახ, ტერიტორია აიზომა და დარეგისტრირდა როგორც სახელმწიფოს კუთვნილი მიწა, რომელიც ჩვენ უნდა შევისყიდოთ.

- მზად ხართ კომერციული ფასი გადაიხადოთ?

- ესეც მოლაპარაკების საგანია. „APM ტერმინალს“ არასდროს არ დაუხევია უკან სახელმწიფოსთვის სასარგებლო ქმედებებში; რაღაც შეთავაზებები გვაქვს და მათგანაც ველოდებით შემოთავაზებებს; თუ სახელმწიფოს აქვს შეკითხვები, მზად ვართ, ვესაუბროთ. კომუნიკაციის პრობლემა არასდროს გვქონია.

- რამდენიმე კვირის წინ, როცა სპეციალური განცხადება გაავრცელეთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი არ გამოგეხმაურათ? „APM ტერმინალსი“, ისევე როგორც ყველა მსხვილი ინვესტორი საჯარო განცხადებებით საუბარს ხომ უკიდურეს შემთხვევაში იწყებს...

- ჩვენი ინფორმაციით, ელოდებიან პრემიერ-მინისტრთან საკითხის დეტალურ განხილვას, რადგან სხვა აქტუალური თემების გამო, ჯერჯერობით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში ვერ ჩაჯდა. ჩვენთვის ოდნავ საწყენია, რომ გვიანდება <გადაწყვეტილების მიღება>... მთავრობის ეკონომიკური საბჭოს რამდენიმე სხდომა ჩატარდა და განხილულ საკითხებს რომ გავეცანი, ფოთის პორტის ნავსადგურის გაფართოებაზე მეტად აქტუალური და მძიმეწონიანი საკითხი არცერთი იყო.

- რა ეჭვები გაქვთ როგორც ინვესტორს თუ ლევან დავითაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან ხშირად ცვლიდა „APM ტერმინალსი“ საინვესტიციო პრიორიტეტებს, შეიძლება, სახელმწიფოსთვის ნაკლებად დამაჯერებელია თქვენი გეგმები დღეს?

- იყო დრო, როცა ეკონომიკის სამინისტროს ლეგიტიმური კითხვები ჰქონდა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა სფეროში და განსაკუთრებით ბიზნესში მოთხოვნა-მიწოდების საკითხი ბევრ რამეს განსაზღვრავს. თავის დროზე გვქონდა ინიციატივა, ნაყარი ტვირთების ტერმინალი განვითარებულიყო. სავარაუდოდ, ეს პროცესი იგულისხმა ლევან დავითაშვილმა, მაგრამ შემდგომ, ცალმხრივად ჩვენ არაფერი შეგვიცვლია; ყველა ნაბიჯი ეკონომიკის სამინისტროსთან იყო შეთანხმებული. ჩვენ ერთად განვიხილეთ ის ახალი მოცემულობა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ წარმოიქმნა - „ჩრდილოეთ დერეფანი“ სანქციების ქვეშ მოექცა, „სამხრეთ დერეფანში“ ძირითადი მოთამაშე ირანის ბანდარ აბასის პორტია, ახლა დაემატა წითელი ზღვის კრიზისი. ამ ვითარებაში უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა საკონტეინერო მიმართულებამ; ამდენად, ჩვენი ხელი უნდა შევუწყოთ არა მხოლოდ კერძო კომპანიის მიერ დაინციირებულ პორტის გაფართოების პროექტს, არამედ მთელ დერეფანს - ფოთის პორტი კავკასიის და ცენტრალური აზიის მომსახურე ნავსდგურს წარმოადგენს. ეს იცის ეკონომიკის სამინისტრომაც - საქართველოს განვითარების სტრატეგია 2030-შიც ჩაიწერა ფოთის პორტის გაფართოების საკითხი. ამდენად, ეჭვები არ გვაქვს, უბრალოდ, პროცესები გაიწელა და ვაგვიანებთ.

- როგორც ცნობილია, მინიმუმ $200 მილიონის ინვესტიციის ჩადებას გეგმავთ ფოთის პორტის გაფართოებაში. საბანკო გარანტია გიმაგრებთ ზურგს?

- 200 მლნ დოლარი არის მინიმუმი. $320 მლნ-ზე მეტის ინვესტიციას ჩავდებთ.

- რომელი ბანკებისგან გაქვთ გარანტია, შეგიძლიათ, დაასახელოთ?

- "მაერსკის ჯგუფის“ და „APM ტერმინალსის“ თანხაა სრულად. ერთ ცენტს არ ვიღებთ სესხად ფინანსური ორგანიზაციებისგან. კიდევ ერთი საკითხი მინდა ვახსენო - ჩვენ არ ვითხოვთ სახელმწიფოსგან ტვირთის მოცულობაზე გარანტიას; მხოლოდ ჩვენი რისკით და გაანგარიშებით ვაპირებთ 320 მლნ დოლარის ინვესტირებას.

- რამდენადაც ვიცი, ფოთის პორტის გაფართოების პროექტი მოიცავს არა მხოლოდ საზღვაო ინფრასტრუქტურის გაფართოებას, არამედ მასთან მისასვლელი სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ამ მიმართულებით ხომ არ ითხოვთ კონტრიბუციას, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა მინიშნება?

- შეიძლება, განახლებული ინფორმაცია არ აქვს ეკონომიკის მინისტრს. ერთი პერიოდი იყო საუბარი ფოთის შემოვლითი გზის პროექტზე, რადგან ახალ სანავსადგურე ინფრასტრუქტურას სჭირდება სერიოზული მაგისტრალი - ფოთის პორტში ტვირთების 80%-ზე მეტი ტრანზიტულია, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ შემოვლითი გზის პროექტს არ დაველოდებით და შესაძლებელია, აშენდეს, დაახლოებით, 1.5 კმ ორზოლიანი გზის და ერთზოლიანი რკინიგზის დაერთებაზე არსებულ ინფრასტრუქტურასთან.

- სწორედ ეს არის ის კონტრიბუცია, რომელსაც APM ითხოვს საქართველოს მთავრობისგან?

- დიახ.

- რა ფინანსური რესურსი დასჭირდება ამ კონტრიბუციას?

- არ მსურს დეტალებში შევიდეთ. უკვე ვთქვი, რომ ამ ეტაპზე არაეთიკური იქნება... არ იქნება ეთიკური.

- გასაგებია. ისევ ეკონომიკის მინისტრს დავუსვამთ კითხვებს... სად და როდის დასრულდება ინვესტორის მოთმინების ლიმიტი?

- ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან მალე დავასრულებთ მოლაპარაკებებს. არ მსურს მედიით საუბარი მუდმივ ქიშპობაში გადაიზარდოს; საკითხების ძირითადი ნაწილი შეთანხმებულია; მცირე ეტაპი დარჩა. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ბატონმა ლევან დავითაშვილმა ახსენა და თქვენც მკითხეთ - რა ეჭვები გაქვთო... ეჭვი არ გვაქვს. შეიძლება, აწონდაწონვა მიმდინარეობს იმ პროექტის, რომელიც სახელმწიფოს უშუალო კურატორობით მიდის...

- ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გულისხმობთ?

- დიახ. შექმნილია „სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო“, ასევე, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“, სადაც შეიძლება, ასობით ადამიანია დასაქმებული...

- შეიძლება, რომ სახელმწიფო კონკურენტად განიხილავდეს ფოთის პორტის გაფართოების პროექტს?

- შეიძლება, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ასე უნდა დადგეს ეს საკითხი. ჩემი რჩევა იქნება, ასე არ განიხილონ, რადგან შეიძლება, ორივე პროექტი საქართველოს სჭირდებოდეს. მე ახლა წარმოვადგენ „APM ტერმინალს ფოთს“, მაგრამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ კვლევებშიც ვიყავი ჩართული და იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს პორტების განვითარების სტრატეგიაზე ვმუშაობდი.

- ანუ თქვენი აზრით, დღეს ანაკლიის პორტის აშენება და ფოთის პორტის გაფართოებაც სჭირდება სახელმწიფოს?

- ჩვენ ისეთ რეგიონში ვსაქმიანობთ, როცა აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას უნდა უნდა ჩავეჭიდოთ და არ გავაცდინოთ. 2023 წელს, „APM ტერმინალს ფოთმა“ 592,589 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც წლიურად 66%-ით მეტია ვიდრე 2022 წელს იყო. წელს, პირველ კვარტალშიც, დაახლოებით, 2%-იანი ზრდა გვქონდა. ამავდროულად, ვნახოთ რა ხდება „ჩრდილოეთ დერეფანში“ – 2022 წელთან შედარებით, შარშან, რუსეთის გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 44%-ით არის გაზრდილი. ეს არის ჩვენ მიერ დაკარგული შესაძლებლობა; არავის უნდა რუსეთის გავლით ტვირთების გადაზიდვა, მაგრამ ზოგიერთმა კომპანიამ, რომელიც არაა სანქციებს მიერთებული, კონტეინერები შეიძინა, სადაც თავისი ტვირთი გადაიტანა; ის ქვეყანა, ვინც არაა მიერთებული სანქციებს, თავისუფლად გაატარებს კონტეინერებს „ჩრდილოეთ დერეფნითაც“ და „სამხრეთ დერეფნითაც“. ამ სიტუაციაში ჩვენ რას ვშვრებით? - ჩვენ ვუბიძგებთ ყველას, რომ ამ ხერხს მიმართოს?! შეიძლება, საერთაშორისო კომპანიების თვალთახედვის არეალში უკვე ჩიხური დერეფანი ვიყოთ. თან ნახეთ, როგორ ძლიერ ქვეყნებთან გვაქვს საქმე - აზერბაიჯანი, რომელსაც სერიოზული ინვესტიციების ჩადება შეუძლია, მაგრამ ჩვენ გველოდება, რადგან $1 მილიარდის ინვესტიცია რომ ჩადოს საპორტო ინფრასტრუქტურაში, მხოლოდ კასპიის ზღვას თუ მოემსახურება; ჩვენ გველოდება ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთიც კი და ჩვენ ვაგვიანებთ.

- ინტერვიუს ბოლოსკენ, რას ეტყოდით ეკონომიკის მინისტრს?

- ვთხოვდი გადავიტანოთ საკითხზე მსჯელობა მოლაპარაკების მაგიდასთან...

- და თუ მაინც არ დაგთანხმდათ იმ კონტრიბუციაზე, რომელსაც ითხოვთ?

- შეიძლება, მინისტრმა ვერ მოიცალა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან გვაქვს კომუნიკაცია და ვხედავთ, რომ დადებითი სიგნალები მოდის. უბრალოდ, შეიძლება, მათ არ ეჩქარებათ, მაგრამ ჩვენ გვეჩქარება; ჩვენ გველოდება კონტრაქტორი; კერძო კომპანია ყოველთვის უფრო ჩქარობს, ვიდრე - სახელმწიფო და ამაში გასაკვირი არაფერია.

- ახალ პრემიერ-მინისტრს რას სთხოვდით?

- ვთხოვდი, რომ შევიკრიბოთ... გვესმის, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი მოთხოვნები, მაგრამ ჩვენ არ გავურბივართ.

- იმედია, ირაკლი კობახიძე მალე გამოგეხმაურებათ და თითქმის 6-წლიან საუბარს ფოთის პორტის გაფართოებაზე წერტილი დაესმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები