საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, პოტენციურ ინვესტორებთან კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და ქვეყანაში ყველა ეკონომიკური პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში ინვესტორების განწყობებს შეეხებოდა.
"ყველა ეკონომიკური პროექტის განხორციელება, რა თქმა უნდა გაგრძელდება, შემოვა ინვესტიციები. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ინვესტიციები მოზიდვის კუთხით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მინიმუმ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა გვინდა.
ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები პოტენციურ ინვესტორებთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი ეკონომიკის სამინისტროში. პირველ რიგში, ძალიან ეფექტური მინისტრი გვყავს, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტრო და მთლიანად მთავრობა აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა კობახიძემ.