საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ დავოსში საქართველოს წარმომადგენლობით დელეგაციასა და მსხვილ კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შედეგად, კომპანიები საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო 54-ე ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში წელს 15-დან 19 იანვრამდე გაგრძელდება, შეხვედრები დღის წესრიგი დიდი ხნით ადრე გაიწერა და საქართველოსთვის ეს პლატფორმა სხვადასხვა მიმართულებითაა საინტერესო.
„დავოსი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც წლის დასაწყისში იკრიბება ბიზნესი და ყალიბდება ბევრი ტენდენციის შესახებ აზრი. ასევე დავოსი ძალიან საინტერესოა, რადგან პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტულ პროექტებთან და საინვესტიციო მიმართულებებთან დაკავშირებით, და ჩვენთვის ზუსტად ეს მიმართულებაა საინტერესო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში დავოსი ეკონომიკურთან ერთად მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმა გახდა, სადაც ქვეყნის ცნობადობისა და რეპუტაციისთვის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
შესაბამისად, პრემიერი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, გარდა კონკრეტული B2B შეხვედრებისა, რომელიც ჩვენ ბიზნესთან კონკრეტულ ბიზნეს პროექტებთან დაკავშირებით გვექნება. მუშაობა თვეების განმავლობაში მიდიოდა და მსოფლიოს ბევრ კომპანიასთან დაწყებული აშშ-დან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებით დასრულებული, შეხვედრები უკვე დანიშნულია. ეს ეხება როგორც ფინანსურ მომსახურებას, ისე სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, სამშენებლო, რიტეილ და სხვა მიმართულებებს. შესაბამისად, დავოსში შეხვედრების ფართო სპექტრია, რომელიც წინასწარაა ცნობილი. ამის პარალელურად შეიძლება დამატებითი შეხვედრები იყოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები საკმაოდ პროდუქტიული იქნება და წამყვანი კომპანიების მხრიდან საქართველოში ინვესტირებაზე გადაწყვეტილებები მიიღება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.