„APM ტერმინალს ფოთში“ იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უმოკლეს დროში მიიღებს და ფოთის პორტის გაფართოების მინიმუმ $200-მილიონიანი პროექტი დაიწყება.
ამის შესახებ BMGVTVის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის კომერციული ურთიერთობების დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა განაცხადა.
"ვიმედოვნებ, შევხვდებით ბატონ ლევან დავითაშვილს; ახალი პრემიერ-მინისტრიც გამონახავს დროს და ამ თემით დაინტერესდება", - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.
როგორც გავარკვიეთ, კომპანია გზის და რკინიგზის მშენებლობაში სახელმწიფოს კონტრიბუციას ითხოვს, რის გარეშეც ახალი ნავმისადგომის მშენებლობა აზრს კარგავს. საუბარია, დაახლოებით, 1.5 კმ სიგრძის ორზოლიანი გზის და ერთზოლიანი რკინიგზის აშენება-დაერთებაზე პორტის არსებულ ინფრასტრუქტურასთან.
ამ დრომდე მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს ფოთის პორტის გაფართოებისთვის საჭირო მიწების გადაცემის საკითხიც. ზვიად ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საუბარია იმ მიწაზე, რომელიც მდინარე რიონის მიერ ნაშალი მასალის ჩამოტანით შეიქმნა და „APM ტერმინალსის“ მიერ წლების წინ შეძენილი 100 ჰა ზღვის სანაპიროს არეალში ექცევა. მოლაპარაკებების საგანია ისიც, თუ რა თანხად მოუწევს "APM ტერმინალსს" სახელმწიფოსგან ამ მიწის გამოსყიდვა.
- ირაკლი კობახიძეს შეხვედრის თხოვნით მიმართეთ?
- ჩვენ პირდაპირ არასდროს მივმართავთ, რადგან სახელმწიფოს წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტრო.
- გსურთ პრემიერთან შეხვედრა?
- ახლაც მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ თუ პრემიერს აქვს დამატებითი კითხვები ან შენიშვნები, მხარეები ერთად დავსხდეთ და ვისაუბროთ; ეკონომიკის სამინისტრო თუ კვლავ გააგრძელებს სხვადასხვა tv-ეთერით კომენტარებით გაკეთებას, რომ სახელმწიფოსგან სერიოზულ კონტრიბუციას ვითხოვთ, მივმართავთ, მოგვცენ უფლება, გავასაჯაროოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
- ფაქტია, მაინც არ აკონკრეტებთ რა საკითხები აჭიანურებს ფოთის პორტის გაფართოების დაწყებას, ამიტომ მე დავსვამ კონკრეტულ კითხვებს - სახელმწიფოსთან მოლაპარაკების ერთ-ერთი ნაწილი იყო მიწების გადაცემის საკითხი. გვახსოვს, ხმაურიანი ბრძანება, რომელიც შემდეგ გაუქმდა. რა ხდება დღეს მიწები გადმოგცათ სახელმწიფომ?
- მიწის გადაცემა კვლავ მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს და ავხსნით, რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ 100 ჰა-ს ვფლობთ; ფოთს სპეციფიკური რელიეფი აქვს, ჩრდილოეთით ჩამოდის მდინარე რიონი, რომელიც მსოფლიოში მეორეა ნაშალი მასალის ჩამოტანით, რის შედეგადაც წარმოიქმნა დამატებითი ტერიტორია ანუ „APM ტერმინალსის“ მიერ შეძენილი 100 ჰა წლების წინ იყო ზღვის სანაპირო, მაგრამ რიონის მიერ ჩამოტანილი ნაშალისგან შეიქმნა ახალი ტერიტორია. სინამდვილეში ეს არაა ახალი მიწის ფართობი, რომელიც არ შეუძენია APM-ს.
- თუმცა ახლა ეს მიწა უნდა იყიდოთ?
- დიახ, ტერიტორია აიზომა და დარეგისტრირდა როგორც სახელმწიფოს კუთვნილი მიწა, რომელიც ჩვენ უნდა შევისყიდოთ.
- მზად ხართ კომერციული ფასი გადაიხადოთ?
- ესეც მოლაპარაკების საგანია. „APM ტერმინალს“ არასდროს არ დაუხევია უკან სახელმწიფოსთვის სასარგებლო ქმედებებში; რაღაც შეთავაზებები გვაქვს და მათგანაც ველოდებით შემოთავაზებებს; თუ სახელმწიფოს აქვს შეკითხვები, მზად ვართ, ვესაუბროთ. კომუნიკაციის პრობლემა არასდროს გვქონია.
- რამდენიმე კვირის წინ, როცა სპეციალური განცხადება გაავრცელეთ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი არ გამოგეხმაურათ? „APM ტერმინალსი“, ისევე როგორც ყველა მსხვილი ინვესტორი საჯარო განცხადებებით საუბარს ხომ უკიდურეს შემთხვევაში იწყებს...
- ჩვენი ინფორმაციით, ელოდებიან პრემიერ-მინისტრთან საკითხის დეტალურ განხილვას, რადგან სხვა აქტუალური თემების გამო, ჯერჯერობით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში ვერ ჩაჯდა. ჩვენთვის ოდნავ საწყენია, რომ გვიანდება <გადაწყვეტილების მიღება>... მთავრობის ეკონომიკური საბჭოს რამდენიმე სხდომა ჩატარდა და განხილულ საკითხებს რომ გავეცანი, ფოთის პორტის ნავსადგურის გაფართოებაზე მეტად აქტუალური და მძიმეწონიანი საკითხი არცერთი იყო.