გთავაზობთ გასული კვირის (11-17 მარტი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.75% პროცენტული პუნქტით 8.25%-მდე შეამცირა
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.75 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე შემცირდა. ეს 2021 წლის თებერვლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სებ-ის განმარტებით, ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.
სებ-ის გადაწყვეტილების შედეგად 183,000 მსესხებელს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება
არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 183,511 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 185,000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში
ბაქოში საქრთველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი შედგა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა და მასთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები წარმატებული პროექტების მაგალითებია.
"ახალ პროექტებზეც ვმუშაობთ. ერთ-ერთი მათგანი არის მწვანე ენერგეტიკის პროექტი და აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში,"- განაცხადა ალიევმა.
გამოქვეყნდა 2023 წლის FDI-ს ანგარიში - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 24%-ით შემცირდა
2023 წლის განმავლობაში საქართველომ 1.6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რამაც 392 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა 2022 წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, რაც ასევე განპირობებულია იმით, რომ იურიდიულად არაერთი მსხვილი ქართული კომპანია ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული.
ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, პროფესიით სამართალმცოდნე მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. ის აქამდე საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის მოქმედი დეპუტატი იყო, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით. სარჯველაძე ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ამასთან, მიხეილ სარჯველაძე 2013-2020 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილის, 2018-2020 წლებში კი მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.
თებერვალში ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა
2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიონი დოლარით, ანუ 27%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი თანხა კვლავ რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, რამაც 62 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა წლიურად რუსული ფულადი გზავნილები 126 მილიონი დოლარით არის შემცირებული, რაც მიგრანტების ეფექტის შერბილებას უკავშირდება. რუსეთის ფულადი გზავნილების კლების სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, საიდანაც თანხებს ძირითადად სამუშაოდ წასული ქართველი მიგრანტები რიცხავენ. მათ შორის იტალიიდან 13%-ით გაიზარდა და 44 მილიონი დოლარი შეადგინა გზავნილებმა, აშშ-დან მატება 35%-ია და მთლიანი გადმორიცხული თანხა 41 მილიონს აღწევს, ისრაელიდან კი გზავნილების მატება 25%-ია და გადმორიცხული თანხა 20 მილიონ დოლარს შეადგენს.
APM Terminals-ის განცხადება და მთავრობის პასუხი - როდის გაფორმდება ფოთის პორტის მოდერნიზაციის პროექტზე ხელშეკრულება
ფოთის პორტის ოპერატორი, APM Terminals-ი არაერთი წელია აცხადებს, რომ პორტის გაფართოებას და ღრმაწყლოვანი ტერმინალის მოწყობას გეგმავს, თუმცა კომპანიასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები ხელმოწერის ეტამდე ვერ მივიდა. “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი გადაცემა “საქმის კურსში” აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათი მხრიდან ყველა საკითხი მოგვარებულია, მზად არის ყველა სახის დოკუმენტაცია და დარჩენილია მთავრობასთან მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება.
თუმცა, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიას მხარს მაქსიმალურად უჭერს, თუმცა მოლაპარაკებათა პროცესში არსებობს არაერთი არასტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი, რომლებზედაც კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს, მათი გადაწყვეტის შემდეგ კი კონტრაქტი გაფორმდება.
150,000 მსესხებელს საპენსიო კრედიტზე განაკვეთი შეუმცირდა - ლიბერთი ბანკის განცხადება
ლიბერთი ბანკმა 15 მარტიდან საპენსიო სესხის 150,000 მომხმარებლისთვის განაკვეთის შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება. საგულისხმოა გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბანკსა და მთავრობას ასევე ეროვნულ ბანკს შორის კონსულტაციები, რომელთა შედეგადაც ბანკმა ჯერ კიდევ თებერვალშივე დააანონსა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით, აღნიშნული მომხმარებლების საპროცენტო განაკვეთებს შეცვლიდა და მას იმ საკრედიტო პირობებზე გადაიყვანდა, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდა. უფრო ვცრლად წაიკითხეთ.