მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ირაკლი კობახიძემ მიიღო

პრემიერი

2 მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ოთხი მაღალი თანამდებობის პირი - ასეთია ირაკლი კობახიძის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ საკადრო ცვლილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები.

ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულ სიახლეებზე დღეს სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პირველი რომლებზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი იყო, რომელზეც დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად ინდივიდუალური კონსულტაციები როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან ჰქონდათ. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ის იყო, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი.

„ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ზუსტად ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოზიციაზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 2012 წლის შემდეგ მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მოგვიანებით - იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2012 წლიდან ის გახლდათ საპარლამენტო გუნდის წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან გაუძღვება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. შეგახსენებთ, ეს არის ჯანდაცვა და გარდა ჯანდაცვისა, ეს არის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევები არის უამრავი ყველა მიმართულებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სარჯველაძე მისი პროფესიონალიზმით, გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ამ დარგს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უნდა აღნიშნოს, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად მოსვლის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მეორე იყო, ვინც თანამდებობა, კობახიძესთან კონსულტაციის შემდეგ დატოვა და პირველი მარტიდან ეს პოსტი ვაკანტური გახდა.

პირველი მინისტრი, ვინც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა ჯუანშერ ბურჭულაძე იყო. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ის ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა, რომელიც ასევე უწყების ხელმძღვანელად პარლამენტის წევრობიდან გადავიდა.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად, ასევე ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად, პრემიერის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მრჩევლად და პრემიერის მრჩევლად კანდიდატურები წარადგინა.

„მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ბატონი ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც დღემდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე; მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად - ბატონი ნიკოლოზ ტყემალაძე; პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა ბატონი გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად - ბატონი ზურაბ აბაშიძე", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები