პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჯანდაცვის ახალ მინისტრსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. კობახიძე ამ თემაზე საუბრისას რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხსაც დაუბრუნდა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია გამოყენებული იყოს საავადმყოფოს გაფართოებისთვის.
„მადლობა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ მას აქვს ასეთი ძალიან აქტიური და ცოცხალი კომუნიკაცია, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასევე პაციენტებთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უკავშირდება უშუალოდ მათ ინტერესებს.
მინდა გავიხსენო რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი, რომელიც საბოლოოდ გადაწყდა საავადმყოფოს პერსონალის ინტერესების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. აქ მთავარი იყო ის, რომ ეს რეკომენდაციები იყო თავისთავად არგუმენტირებული, საფუძვლიანი და საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სივრცის უკანა ტერიტორიაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე. პროექტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ამის შემდეგ დაიწყება უკვე მშენებლობის სამუშაოები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ წინა სივრცე იქნებოდა გამოყენებული საინვესტიციო პროექტისთვის, თუმცა ამაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კლინიკა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა, პარალელურად კი, კლინიკის უკანა ეზოში ახალი საავადმყოფოს პროექტი განხორციელდებოდა.