პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესების წინ წასაწევად ყველაფერს გააკეთებს - ამის შესახებ კობახიძემ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გამართული ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
“პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული ორიოდე კვირის წინ. დღეს ჯანდაცვის ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ წინ წასწიოს ეს პროცესი.
მათ შორის, რა თქმა უნდა, იგულისხმება, ვითარების მოწესრიგება რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, რეორგანიზაციის პროცესის გადალაგება. უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, და ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და თვისებები. იდეალურად გაუძღვება იგი ამ საქმეს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჯანდაცვის ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს დღეს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.