მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში თანაგადახდის მექანიზმი შემოაქვს

DRG

საქართველოს მთავრობა DRG-ის სისტემაში ცვლილებებს აანონსებს და საყოველთაო ჯანდაცვაში თანაგადახდის კომპონენტი შემოაქვს. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთან კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერი ამბობს, რომ ეს ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურებაზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის ზრდას.

„მთავრობის დადგენილებით პაციენტს ექნება შესაძლებლობა განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა, ან ისარგებლოს თანაგადახდის ახალი მექანიზმით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც ზღვრული ოდენობის ფარგლებში პროგრამულ დაფინანსებას მიიღებს, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს ე.წ. VIP-მომსახურების საფასურის გადახდას, რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა.შ.

ეს მიდგომა დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით ადამიანს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ მას განსხვავებული სამედიცინო მომსახურების მიღების სურვილი აქვს, რაც შეუძლებელი იყო არსებული რეგულირების პირობებში, მეორე მხრივ, ეს წესი უზრუნველყოფს პაციენტის გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით, ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში თანაგადახდის პირობებს ჯანდაცვის მინისტრი წლის ბოლომდე გაწერს და შესაბამის დადგენილებასაც გამოსცემს.

„დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის თითოეული სახის მომსახურების შეთავაზების ლიმიტები, ასევე სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსარგებლის თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც სამედიცინო სექტორთან აქტიური კონსულტაციების გზით. საქმე ეხება ე.წ. DRG-სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება პაციენტების და კლინიკების ინტერესებზე“, - განმარტა პრემიერმა.

შეგახსენებთ, DRG-ის დაფინანსების მოდელზე სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკები 2023 წლის 1 იანვრიდან გადავიდნენ. ამ სქემის ფარგლებში დადგენილი ტარიფები დღემდე სამედიცინო სექტორისთვის გამოწვევაა. ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო, რაც ერთ-ერთი კრიტიკული იყო კლინიკებისთვის, თუმცა არანაკლებ პრობლემებთან არის დაკავშირებული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაც.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვაში თანაგადახდის მექანიზმის შემოტანას, უწყებას სექტორთან კომუნიკაცია მიმდინარე წლის სექტემბერში ჰქონდა. იმ დროისთვის ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია მახარაშვილი BMG-სთან აცხადებდა, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტს უფლება ექნება, შედარებით ძვირი მაღალტექნოლოგიური ოპერაციის ჩატარებისას, წინასწარ განსაზღვრულ სახელმწიფო დაფინანსებას თანხა თავად დაამატოს, ისე რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დატოვება არ მოუწიოს. თუმცა მისი თქმით, ამ შემთხვევაში გარკვეული რისკები უნდა განისაზღვროს, მათ შორის ე.წ. ჯიბიდან გადახდის ზრდის რისკები.

კლინიკების ნაწილი კი ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებისთვის ემზადება. მიზეზი DRG დაფინანსების სქემასთან დაკავშირებული ხარვეზებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები