მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შევწყვეტთ კარებზე კაკუნს" - რიგ დარგებში 48-საათიანი სამუშაო კვირის დაბრუნების ორი სამართლებრივი გზა

ნიკა ნანუაშვილი

სასტუმროები და რესტორნები; მშენებლობა და საცალო ვაჭრობა - ეს ის სამი სექტორია, სადაც “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” 48-საათიანი სამუშაო კვირის დაბრუნებას ისევ ითხოვს. BAG-მ აღნიშნული სექტორების სპეციფიკური სამუშაოების სიაში დაბრუნება კიდევ ერთხელ დააყენა ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, ამჯერად, ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან შემცირდა სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი ანუ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება. ცვლილება შეეხო ყველა იმ დარგს, სადაც მთავრობის შეფასებით, უწყვეტობისთვის აუცილებელი არაა დასაქმებულმა კვირაში 48 საათი იმუშაოს.

რა პრობლემები შეუქმნა ერთი წლის წინ ამოქმედებულმა რეგულაციამ დამსაქმებლებს? რას შეცვლის 40-საათიანი სამუშაო კვირის 48 საათამდე გაზრდა და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რა სამართლებრივი გზის გავლაა საჭირო ამ საკითხის გადასაწყვეტად? - ამ და სხვა კითხვებს BAG-ის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ უპასუხა.

- პირველ რიგში, შევაფასოთ 1-წლიან ჭრილში, რა დამატებითი საფიქრალი გაუჩინა დამსაქმებლებს სპეციფიკური სამუშაოების ნუსხიდან მშენებლობის, ჰორეკა სექტორის და საცალო გაყიდვების დარგების ამოღებამ?

- დამატებითი საფიქრალი და საზრუნავი აღმოჩნდა ის, რასაც ვვარაუდობდით - კადრების დეფიციტის შექმნა. ბიზნესს აღარ ჰყავს და ვეღარ იძიებს კადრებს, ვინც შეავსებს იმ სამუშაო ძალას, რომელიც ამ რეფორმის შედეგად მოაკლდათ ანუ 48-საათიანი სამუშაო კვირა როცა მცირდება 40-საათამდე, ბუნებრივია, ეს 8 საათი ვიღაცამ უნდა იმუშაოს. რა შეიძლება ყოფილიყო გამოსავალი? პირველი: ახალი კადრების დამატება, მაგრამ ქვეყანაში ფიზიკურად არაა სამუშაო ძალა და აქ საუბარი არაა იმაზე - მეტს უხდი თუ ნაკლებს, რადგან პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 100%-ით გაიზარდა. ამასთან, ვიცით, რომ ადამიანების გადინება ხდება ქვეყნიდან, ასევე, ზოგს მოთხოვნა აქვს უფრო მაღალკვალიფიციურ სამსახურზე და ა.შ. ეს არის მოცემულობა. მეორე მხრივ, უკვე არსებული თანამშრომლები რომ ვამუშაოთ 48 საათი, ამის საშუალებას არ იძლევა დღევანდელი შრომის კოდექსი, რომლის მიხედვითაც ზეგანაკვეთური სამუშაო შესაძლებელია მხოლოდ საგამონაკლისო წესით. რას ნიშნავს ეს?! - მაგალითად, როცა ექსტრემალური ვითარება შეიქმნა ან უცებ დაგვჭირდა, თანამშრომელი ზეგანაკვეთურად ვამუშაოთ.... მარტივად რომ ვთქვათ, მე და თქვენ ანუ დამსაქმებელსა და დასაქმებულის არ შეგვიძლია წინასწარ შევთანხმდეთ, რომ მაგალითად, მომავალი 2-3 თვის განმავლობაში თქვენ კვირაში 48 საათი იმუშავებთ, რასაკვირველია, შესაბამისი ზეგანაკვეთური ანაზღაურების მიღების პირობით.

- რა წერია შრომის კოდექსში ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით?

- შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ერთი კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს შესასრულებელი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციაა და დასაქმებულის გაფრთხილება შეუძლებელია.

- რატომ არის რთული დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ყოველ კვირა შეთანხმება?

- ეს ხომ ფიზიკურად წარმოუდგენელია?! მეორე მხრივ, შეთანხმება ნიშნავს მეორე მხარის თანხმობას, შეიძლება, მეორე მხარეს - დასაქმებულს სულ არ უნდოდეს მუშაობა და ძალით ვერ ვამუშავებ ანუ როგორც ბიზნესს, მექმნება არასტაბილურობის პრობლემა.

- პრაქტიკამ რა აჩვენა - დასაქმებულებს არ სურთ 48 საათი მუშაობა ზეგანაკვეთური ანაზღაურების პირობითაც თუ დამსაქმებელს არ უნდა ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დამატებითი ანაზღაურების გადახდა?

- მე შემიძლია ვისაუბრო ძირითად ტენდენციაზე ამ სამ დარგში (მშენებლობა, საცალო ვაჭრობა, ჰორეკა). გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ბაზარზე შეიქმნა დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის ანუ კადრებზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება, ბუნებრივად ხდება შრომის ანაზღაურების ზრდა ანუ იმ ძალაუფლებამ, რომელსაც ხშირად გვაყვედრიდნენ ხოლმე დამსაქმებლებს, დასაქმებულის მხარეს გადაინაცვლა...

- ანუ დღეს შრომის ბაზარზე ფასებს ადგენს დასაქმებული?

- დიახ, დიდწილად ასეა და რიგ სექტორებში მეტად, რიგ სექტორებში - ნაკლებად. ეკონომიკურად ეს რას გამოიწვევს, ამაზე ეკონომისტები იმსჯელებენ...

- იმედი გაქვთ, რომ საქართველოს მთავრობა, ახალი პრემიერის ხელმძღვანელობით, შეისმენს BAG-ის თხოვნას ახლა მაინც?

- ცოტა ხატოვნად რომ ვთქვა, ამ თემაზე ჩვენი არგუმენტებით, არ ვწყვეტთ და არ შევწყვეტთ კარებზე კაკუნს. ამ სექტორებში, განსაკუთრებით საცალო გაყიდვებში, 48-საათიანი სამუშაო კვირის პირობებშიც კი, მუდმივად იყოს 15-20%-მდე საკადრო დეფიციტი, ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ეს მაჩვენებელი 35-40%-მდე გაიზარდა. ამ დეფიციტს რაღაც უნდა მოვუხერხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესებს ექმნებათ პრობლემები...

- BAG-ის ინიციატივის - რიგ სექტორებში დაბრუნდეს 48-საათიანი სამუშაო კვირა - სამართლებრივად გადაწყვეტის ყველაზე მარტივი გზა რა არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნების შემთხვევაში?

- შრომის კოდექსი რადგან ორგანული კანონია, ცვლილების შეტანა რთულია. ყველზე მარტივი გამოსავალია, მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანა და თუნდაც გარკვეული ვადით, შეთანხმების პირობით, ამ სამი დარგის ისევ დაბრუნება სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალში.

- 2024 წელი საარჩევნო წელია და როგორ ფიქრობთ, მთავრობა ბიზნესის მხარეს დაიჭერს? თან არ მგონია, ვინმეს გაუხარდეს კვირაში 48 საათი მუშაობა ხელფასის გაზრდის შემთხვევაშიც კი...

არჩევნები ფაქტორია, გეთანხმებით... ეს შეიძლება იყოს არგუმენტი, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულ დამსაქმებელზე ან დასაქმებულზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზე, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე და ჯამში, ეკონომიკაზე. კადრების დეფიციტი როცა აქვს ბიზნესს, ზარალდება არა მხოლოდ ბიზნესი, რადგან ნაკლებ შემოსავალს მიიღებს ან მომხმარებელი, რომელმაც სრულყოფილი სერვისი ვერ მიიღო, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტი, რადგან თუ ბიზნესი ვერ ფუნქციონირებს ნორმალურად, ნაკლები გადასახადი შევა.

დაბრუნდება თუ არა მშენებლობის, საცალო ვაჭრობის და ჰორეკა სექტორებში 48-საათიანი სამუშაო კვირა? - ლევან დავითაშვილის პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები