მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ქართველია, ესაა მთავარი მახასიათებელი“ - რჩევა პრემიერს

ლაშა პაპაშვილი

უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსის“ მფლობელი, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ურჩევს, ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებაზე იზრუნოს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. „რეფორმების გატარება ძალიან რთულია“, - აღნიშნა ლაშა პაპაშვილმა, რომელიც BAG-ის ფორმატში, რამდენიმე კვირის წინ, ახალი პრემიერის და ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრას არ ესწრებოდა.

- „როგორც ყოველთვის ვამბობ, უკეთესი წინ არის“ - ასე გვიპასუხეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ირაკლი კობახიძის პრემიერად დანიშვნის შეფასება გთხოვეთ... რაში გინდათ, რომ უკეთესი იყოს ირაკლი კობახიძე?

- ვფიქრობ, ირაკლი კობახიძე ქართველია, ეს არის მთავარი მახასიათებელი...

- სხვა პრემიერები არ იყვნენ ქართველები?

- ყველა არ იყო.

- ვინ არ იყო?

- არ გამოვა დასახელება...

- დღეს, რა გაწუხებთ ყველაზე მეტად ბიზნესში ანუ რა უნდა გააკეთოს ირაკლი კობახიძემ ისეთი, რომ როცა პრემიერ-მინისტრი აღარ იქნება, მისი საქმიანობა დადებითად შეაფასოთ...

- რეფორმების გატარება ძალიან რთულია... თუ ექნება საშუალება და რაღაც პერიოდის განმავლობაში დარჩება ხელისუფლებაში, აუცილებელია, ისტორიაში პოზიტიური სახელით შევიდეს. არა მარტო ირაკლი კობახიძის, არამედ ყველას სურვილი და მიზანი ხომ ის უნდა იყოს, რომ ერმა და ისტორიამ მოიხსენიოს როგორ აღმაშენებელი და არა დამანგრეველი?! მე ვურჩევდი, რამდენიმე გლობალური პროექტი განახორციელოს... ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ...

- მაინც რა რეფორმებს შეეჭიდოს?

- რასაც ვამბობ - საჭიროა ნაკლები ბიუროკრატია... ქვეყნის ზონირებაა საჭირო - უნდა დავთვალოთ, რამდენი ხორბალი, სიმინდი და ლობიო გვჭირდება და ეს მიწები შევინარჩუნოთ. არ შეიძლება, იმ მიწების განაშენიანება - ახლა სოფლებში კატასტროფა მიდის...

- რას გულისხმობთ - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს სტატუსებს უცვლიან?

- არა... ვგულისხმობ იმას, რომ გასამიჯნია ურბანული განვითარება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწები მკაფიოდ. გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება...

- ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს განვითარების სტრატეგია 2030“ დაგვიტოვა - შეიძლება, იქ ამაზეც წერია. მე არ მახსოვს...

- შეიძლება... იცით, ბევრი რაღაცა კეთდება... მაგალითად, კეთდება ზედაზნის გზა, მართალია მეორედ, რადგან გიორგი კვირიკაშვილის დროს გააკეთეს, მაგრამ ახლა ძალიან კარგად გაკეთდა და ბოლომდეა მისაყვანი... ასევე, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმამდე მისასვლელი გზა არასდროს გაკეთებულა და ახლა კეთდება. მცხეთის ყველა მერს ვთხოვდი - „ჩემი სახლი არაა, ილიას სახლია და უნდა გაკეთდეს-მეთქი“...

- უფრო ფართო სურათში რომ შევხედოთ საქართველოს ეკონომიკას - რა გაწუხებთ ყველაზე მეტად ბიზნესში?

- მე ახლა მაწუხებს, როგორ გადავცე ახალგაზრდებს ჩემი გამოცდილება და ცოდნა; ნელ-ნელა ახალი თაობა უნდა მოვიდეს და ჩვენ უნდა გავიწიოთ და ესტაფეტა მათ გადავცეთ. ეს ერთ დღეში ვერ მოხდება... 5-6 წელი უნდა გადაცემას და ახლა ეს არის ჩემი სატკივარი და ასევე, როგორ დავეხმარო ახალ პრემიერს თუ მთავრობის წევრებს, რომ უფრო წინ წასწიონ ეს ქვეყანა... როგორ მივცე რჩევები, როგორ გავუზიარო ჩემი გამოცდილება - აი, ეს ეს არის ჩემი ყოველდღიური დილემა. სხვა ისეთი პრობლემები ამწუთას არ არის...

- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?

- გონიერება... ხომ ხედავთ ირგვლივ რა კატასტროფები ხდება და აქედან ზიანის გარეშე უნდა გამოვიდეთ... ეს არის ამოცანა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ თითოეული ჩვენგანის ამოცანა; თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ ქვეყნისთვის.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- გაუტანლობას; ერთმანეთი უნდა გავიტანოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები