საქართველოში რიგი ქვეყნებიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემებზე უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსის“ მფლობელი ლაშა პაპაშვილიც საუბრობს.
“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, დღეს საქართველოს ტურისტების დეფიციტი არ აქვს, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა მნიშვნელოვანია.
„BAG-ის აღმასრულებელ გუნდს ვთხოვე, ამ საკითხზე სასწრაფოდ ვიმსჯელოთ... პრემიერის დონეზეა გადასაწყვეტი“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
- არის ხარვეზები და ეს უკვე ძალოვანი უწყებების საქმეა... გარდა მეორადი ქვეყნებიდან მოგზაურებისა, უმდიდრესი ქვეყნების მოქალაქეებიც ხვდებიან იმ სიაში, რომელთაც საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ... იქნება ეს ქუვეითი თუ ბაჰრეინი ან არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს ძალიან დიდი საფრთხეა <ტურიზმისთვის>... არაბულ ქვეყნებში უმდიდრესი ხალხი ცხოვრობს და მათ სჭირდებათ განსაკუთრებული "მოვლა". ამ ქვეყნის მოქალაქეები არ არიან ბიუჯეტური ტურისტები. ასეთმა ხალხმა უნდა იმოგზაუროს ჩვენ ქვეყანაში.
- პირველი არ ხართ, ვინც რიგი ქვეყნებიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემებზე საუბრობს. ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით გამოყოფს პრობლემებს, რომელიც ინდოეთის მოქალაქეებს ექმნებათ და მათი აზრით, ეს ნეგატიურად აისახება საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებზე...
- ახლა არ გვაკლია ტურისტი, მაგრამ გრძლევადიან ჭრილში გამოწვევაა... 30-კაციანი ჯგუფი რომ მოდის და ერთს შეექმნება პრობლემა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის 30 კაცი არ შემოვა... მეგობრებთან ერთად ხომ ყველას გვიმოგზაურია?! თუ ერთს არ უშვებენ, საერთოდ იშლება ტური. ჩვენც გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, ზუსტად მახსოვს, ინდოეთიდან არ იყვნენ. ერთ-ერთი არაბული ქვეყნიდან არ შემოუშვეს მოგზაურები... საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ გუნდსაც ვთხოვე, რომ დააყენონ ეს საკითხი და ვიმსჯელოთ სასწრაფოდ. პრემიერის დონეზეც გადასაწყვეტია, მათ არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნათ და თუ რამე ხარვეზია, წინასწარ უნდა შევატყობინოთ.
„ინდოელი ტურისტების 60-70%-ს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან“ - "აჭარა ტური"