წელს პირველად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ინდოეთის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. რეგიონის და ზოგადად, საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და ინდოეთისთვის ახალი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად განახორციელა.
გამოფენის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს, მსხვილი ტურისტული ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ინდოეთის ტურიზმის გაერთიანებულ მდივანთან შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ამ აქტივობის მიუხედავად „აჭარა ტურის“ დამფუძნებლის, ირაკლი თავართქილაძის თქმით, საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსული ინდოეთის მოქალაქეების 70%-ს დაუსაბუთებელი მიზეზით ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან.
როგორც თავართქილაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რეგიონში ინდოეთიდან ძირითადად მაღალ და საშუალო მხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოდიან, რაც რეგიონისა და ქვეყნის ტურიზმის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია.
„ეს იყო პირველი მონაწილეობა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან, სადაც მოხდა ჩვენი რეგიონის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს პრეზენტაცია. ეს იყო კარგი ინიციატივა, რადგან ინდოეთი მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა. კოვიდამდე დავიწყეთ მათთან თანამშრომლობა, ბევრი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში, ბათუმში ისინი ფლობენ სასტუმროს, რამდენიმე კაზინოს. ასევე ამ დაახლოების პროცესს ხელს უწყობს ისიც, რომ ბევრი ახალგაზრდა სწავლობს საქართველოში.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამან შეიძლება კარგი ბიძგი მისცეს ჩვენს ეკონომიკას და ტურისტულ მიმართულებას, თუმცა არსებობს რიგი შემაფერხებელი ფაქტორები. მოგეხსენებათ მათთან გვაქვს ელექტრონული სავიზო რეჟიმი და სამწუხაროდ 60-70% -ზე ხდება უარის გაცემა და ეს საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაზე. აეროპორტებიდან ხდება მათი უკან გაბრუნება დაუსაბუთებლად და ეს უკურეაქციას იწვევს. ჩვენ ვიღებთ სტუმრებს არაბეთიდან, ირანიდან, რომლებიც უფრო რთული ქვეყნებია ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობის თუ ტერორიზმის მიმართულებით, რაც ასევე მისასალმებელია, თუმცა ინდოეთზე ხდება ბევრი უარის გაცემა, რაც ცუდია.
განსხვავებით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებისა, რომლებიც ორ და სამ ვარსკვლავიან სასტუმროებს ირჩევენ, ინდოეთიდან ჩამოსულებს უმეტესად დაჯავშნილი აქვთ ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროები, ფრენა. სამომავლოდ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა და ლიბერალიზაცია არ დაიწყო, ძალიან ცუდად აისახება იმ პოტენციალზე რაც ამ ქვეყანას გააჩნია.“ - განაცხადა თავართქილაძემ.