მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთიდან დიდი შანსი გვაქვს მოვიზიდოთ საქორწილო ტურიზმი, თუმცა ვიზების გაცემის პრობლემაა - ალავერდაშვილი

ინდოელი ტურისტები

ინდოელი ტურისტების მხრიდან, საქორწილო ტურიზმის მიმართულებით საქართველოზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, თუმცა ტუროპერატორები იძულებული არიან ისინი საქართველოს ნაცვლად მეზობელ ქვეყნებში - სომხეთსა და აზერბაიჯანში წაიყვანონ. ამის მიზეზი კი საქართველოში ინდოელებზე ვიზების გაცემის კუთხით არსებული პრობლემებია. საკითხზე სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა BMGtv-ის გადაცემაში "წერტილში" ისაუბრა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წელია საქართველოში ინდოელი ტურისტებისთვის ციფრული ვიზების გაცემის პრობლემა დგას.

შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ამ მიზნით შესაბამის უწყებებთან შეხვედრაც ჰქონდათ, თუმცა მიიღეს პასუხი, რომ უარს არა სახელმწიფო, არამედ ხელოვნური ინტელექტი ამბობს.

"ახლახან ინდოეთში იყო ტურისტული გამოფენა, სადაც ძალიან კარგად ვიყავით წარმოდგენილი, მაგრამ გამოწვევად რჩება ვიზების საკითხი. დღეს, ქართველი ტუროპერატორები, რომლებიც მუშაობენ ინდოეთის ბაზარზე, ინდოეთიდან ტურისტები შეჰყავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. იმიტომ, რომ იქ გაცილებით ადვილად ხდება ყველაფერი, ვიდრე ჩვენთან. ვიზებსაც იღებენ სომხეთსა და აზერბაიჯანში და არც საზღვრიდან არავინ არ ყრის. ჩვენ, მარიამ ქვრივიშვილი დაგვეხმარა და შევხვდით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და მივიღეთ ჩემთვის გამაოგნებელი პასუხი, რომ ჩვენი პორტალი იმდენად დახვეწილია, რომ ჩვენთან ვიზებს ხელოვნური ინტელექტი გასცემს და უწყებები არაფერ შუაში არიან. დიდი ჯგუფები რომ ავიღოთ, ხელოვნური ინტელექტი დაახლოებით 20%-ს უარს ეუბნება. ამ დროს, ინდოეთი არის ბაზარი, საიდანაც დიდი შანსი გვაქვს მოვიზიდოთ საქორწილო ტურიზმი, ეს არის მაღალმხარჯველუნარიანი ხალხი, რომლებიც თავისთვის ქორწილში საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავენ. 250-350 კაციანი ქორწილების დიდი მოთხოვნა იყო, რომელიც ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა სულ ახლახან გადაიტანა ბაქოში, იმიტომ რომ აქ 20%-ს ვუთხარით უარი. ასე არ ხდება, ადამიანს უნდა ყველა მისი სტუმარი ჰყავდეს.

ჩვენ, მზად ვიყავით, ჩვენს სტუმრებზე აგვეღო პასუხისმგებლობა, ვინც ჩამოვიდოდა წავიდოდა ისევ უკან. დადებდნენ დეპოზიტზე თანხას და ა.შ. მაგრამ ეს საკითხი დღემდე ვერ მოგვარდა", - განაცხადა ალავერდაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 84 688 ინდოეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 60.3%-ით მეტია. პანდემიამდელ 2019 წელს კი, 55.1%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები