განათლების მინისტრის განცხადებით, სასწავლო წლის დაწყებიდან 2 დღეში თბილისის 21-ე საჯარო სკოლის დახურვის გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე უალტერნატივო და ერთადერთი იყო - ასე უპასუხა გივი მიქანაძემ ბათუმში ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.
მისი განმარტებით, განათლების სამინისტროს სკოლის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ გუშინ გადაუგზავნეს და მისი დახურვის გადაწყვეტილება მეორე დღესვე მიიღეს. მინისტრი განმარტავს, რომ სამინისტროს არ აქვს იმის კომპეტენცია განსაზღვროს საჯარო სკოლების ესა თუ ის შენობა მდგრადია თუ არა სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად.
"ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზა მუშაობს სარეაბილიტაციო სკოლებთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნების მომზადებაზე. ჩვენ სამინისტროში ეს დასკვნა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მივიღეთ, რის საფუძველზეც მყისიერი გადაწყვეტილება ბავშვების და სასკოლო პერსონალის - მასწავლებლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. ეს უალტერნატივო გადაწყვეტილებაა იმიტომ რომ ჩვენ ვერც ერთი ბავშვის, ვერც ერთი პედაგოგის და იქ დასაქმებული ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით.
დასკვნას ველოდებოდით, მის წარმოდგენამდე ჩვენ არ ვიცოდით იქ რა მდგომარეობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი ამ სკოლაში ვერ გაგრძელდება სწავლის უწყვეტობა იქნება სრულად უზრუნველყოფილი. უახლოეს დღეებში შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას სხვა ალტერნატიულ გეგმას როგორ გააგრძელებს სკოლა ფუნქციონირებას.
ამავდროულად ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტულ გეგმას თუ როგორ განხორციელდება 21-ე სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები.
სანამ ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, ჩვენ არ გვაქვს კომპეტენცია განვსაზღვროთ ესა თუ ის შენობა არის მდგრადი სასწავლო პროცესის გაგრძელებისთვის თუ არა", - განაცხადა გივი მიქანაძე.
თბილისის N21 საჯარო სკოლაში ( ყოფილ მე-6 გერმანულ სკოლაში), სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან ოფიციალურად შეჩერდა. გადაწყვეტილების საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია. დღეს, დილიდან სკოლის პედაგოგები და მშობლები ამ გადაწყვეტილებას სკოლის შენობასთან აპროტესტებდნენ, მათთვის გაუგებარია რატომ არ შეჩერდა სასწავლო პროცესი, სასწავლო წლის დაწყებამდე და როგორ გაგრძელდება სწავლება.
























