მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაწყვეტილების მიღება უნდა შემეძლოს, ვის ვანდო ჩემი საპენსიო დანაზოგები - ზურაბ ლალაზაშვილი

ზურაბ ლალაზაშვილი

BDO-ს მმართველი პარტნიორი ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ, უარყოფითად აფასებს.

როგორც ზურაბ ლალაზაშვილმა BMG-ის განუცხადა, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად გადაწყვიტოს, თუ ვის ანდოს საპენსიო დანაზოგები.

მისი თქმით, საპენსიო სისტემაში დამოუკიდებელი აქტივების მმართველი კომპანიების მონაწილეობა, კონკურენციას გაზრდიდა და რეფორმაზე დადებითად აისახებოდა.

“გადაწყვეტილებას, რომ მოქალაქეები საპენსიო დანაზოგების დამოუკიდებელ აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ, უარყოფითად ვაფასებ. მე უნდა შემეძლოს მივიღო გადაწყვეტილება, ვის ვანდო ჩემი ფული. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ სახელმწიფო არაა ჩემი თანხების ყველაზე კარგი მმართველი. შეიძლება მინდოდეს, რომ დანაზოგები რომელიმე კერძო აქტივების მმართველს მივანდო. რომელსაც უფრო მეტად ვენდობი და ვისაც კარგი გამოცდილება და შედეგები აქვს. აქ საუბარია გამოცდილ, რეგულირებად აქტივების მმართველ კომპანიებზე. მიმაჩნია, რომ ეს უფლება რომ შენარჩუნდეს, შესაძლოა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სწორედ ამ მიმართულებით მიმართოს თანხები. ასეთ შემთხვევაში მეტი კონკურენცია იქნებოდა, ყველას ენდომებოდა, რომ მოსახლეობისთვის უკეთესი პირობები შეეთავაზებინა”, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები საპენსიო აქტივების დამოუკიდებელ აქტივების მმართველ კომპანიებში გადატანას ვეღარ შეძლებენ - ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა. 2025 წლიდან, მოქალაქეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, საკუთარი საპენსიო აქტივები გადაეტანათ აქტივების კერძო მმართველ კომპანიებში, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტის მიხედვით, მოქალაქეები ამ უფლებას დაკარგავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები