მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადავადდება თუ არა საბანკო სესხები კიდევ?

5ebaa90d95556
ელენე გოგბერაშვილი
12.05.20 23:40
9570
სესხებზე დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი უკვე იწურება. საინტერესოა რა მიდგომა ექნებათ ბანკებს იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომელთაც შექმნილ კრიზისულ პერიოდში ვერ შეძლეს ჩვეულ საქმიანობას დაბრუნდებოდნენ და მიეღოთ ის შემოსავლები, რითაც საბანკო ვალდებულებებს მოემსახურებოდნენ.

Bm.ge ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ძნელაძეს ესაუბრა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საბანკო სექტორი სესხებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდის გაგრძელებას არ გეგმავს, თუმცა მსესხებლებს ბანკები გარკვეულ რესტრუქტურიზაციას გაუკეთებენ, გადაწყვეტილებას კი ინდივიდუალურად მიიღებენ.

„წინა პერიოდში როგორი გადავადებაც იყო ცალსახაა, რომ იგივე გადავადება არ იქნება, მაგრამ მიმდინარეობს კონკრეტული ინფორმაციების მოძიება და ამ მიმართულებით მუშაობა. რეალურად ის გამოწვევები სახეზეა, რა პრობლემებიც დღეს დგას, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გარკვეული შესაძლებლობებიც უნდა არსებობდეს გადავადებასთან დაკავშირებით.

ინდივიდუალურად ბიზნესები უკვე მუშაობენ ბანკებთან და იხილავენ რა რესტრუქტურიზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი ან თუნდაც ახალი თანხების ან მიმდინარე დაფინანსების მოთხოვნაზე იყოს საუბარი“,-განმარტავს ძნელაძე.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ძნელაძის თქმით, საბანკო სექტორს მსესხებელი ფიზიკური პირების მიმართაც მსგავი მიდგომა ექნება.

„ფიზიკურ პირებთან დაკავშირებითაც მიმდინარე გადავადება შეთავაზებული იყო ყველა მსესხებლისთვის. მათთვისაც, ვისაც აუცილებელი საჭირობა არ ედგა. ვისაც შეექმნა პრობლემა, შეუმცირდა შემოსავალი ან შეუწყდა, მათთან მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ეს იქნება ინდივიდუალური მუშაობა ბანკების მხრიდან.

დღესაც შეუძლიათ მათ მიმართონ ბანკებს. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია უნდა შედეგს. ვინც იცის, რომ აქვს რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა, უნდა მიმართოს საკრედიტო მენეჯერს, ქოლცენტრს და ა.შ“,- აცხადებს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი.

კონკრეტული რიცხვი, რამდენმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა ისარგებლა სამთვიანი საშეღავათო პერიოდით, ასოციაციას არ აქვს, რადგან როგორც ძნელაძე ამბობს, „ბიზნესების კუთხით დღესაც მიმდინარეობს რესტრუქტურიზაციაზე მუშაობა ბანკებთან. ფიზიკურმა პირებმა კი უმეტესწილად ყველამ გადაავადა“.

კითხვაზე, შექმნილ კრიზისულ პერიოდში შეექმნათ თუ არა ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა, საპასუხოდ ძნელაძე განმარტავს:

„დღეს საბანკო სექტორს ლიკვიდობის პრობლემა არ უდგას იქიდან გამომდინარე, რომ სავალუტო რეზერვები აქვთ, მაგრამ არსებული გამოწვევიდან გამომდინარე ლარის ლიკვიდობა შემცირებულია რამდენიმე მიზეზის გამო: ეს არის გადავადებები, მათ შორის სებ-ის ინტერვენცია, რომელმაც სისტემიდან 300 მლნ ლარი ამოიღო. ასევე ხაზინის და კომპანიების ხარჯვის სტრუქტურა შეიცვალა; ასევე ფიზიკური პირების და რეალურად ფულის მასაც გაზრდილია დაახლოებით 700 მლნ ლარით ანუ ხაზინამ გაზარდა ხარჯები, გადაიტანა კომერციული ბანკებიდან ხაზინაში თავისი რესურსი, რამაც ლარის რესურსის სიმცირე გამოიწვია კომერციულ ბანკებში, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ დღეს ეს პრინციპულად პრობლემურია, თუმცა რა თქმა უნდა აღნიშნულმა იმოქმედა საპროცენტო განაკვეთებზე და ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია სადღაც 3-4%-ით 2019 წლის დეკემბერთან შედარებით“, - აცხადებს ძნელაძე.

მისი თქმით, რა შეღავათები ექნებათ ბანკის კლიენტებს, ამაზე უფრო კონკრეტულად საუბარი რამდენიმე დღეში გახდება შესაძლებელი, თუმცა ძნელაძე იმასაც ამბობს, რომ „რამდენად დიდი იქნება მხარდაჭერა მთავრობის და სებ-ის კონკრეტულ მიმართულებეთან დაკავშირებით, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები