მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადავდივართ იმ ძირითადი მოთხოვნის ახალ ეტაპზე, რასაც არჩევნების დანიშვნა ჰქვია - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

"ყველანი გადავდივართ იმ ძირითადი მოთხოვნის ახალ ეტაპზე, რასაც ხელახალი არჩევნების დანიშვნა ჰქვია", - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა საშუალებას იძლევა, ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოებასა და პროტესტის მონაწილეებთან ერთად, ახალ სტრატეგიაზე გადაეწყოს, რომელიც ხელახალი არჩევნებისთვის მზადყოფნას ითვალისწინებს.

"საზოგადოებამ უნდა წაიკითხოს ეუთო/ოდირის დასკვნა, ყველანი გადავდივართ იმ ძირითადი მოთხოვნის ახალ ეტაპზე, რასაც ხელახალი არჩევნების დანიშვნა ჰქვია. რამე თუ ამ პირობებში არ შეიძლება იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, ამ კრიზისიდან ადვილი გამოსავალი, თუ არა არჩევნების დანიშვნა. როცა ნდობა არ არსებობს არჩევნების, ხელისუფლების მიმართ, როდესაც "ხელისუფლება" გადასულია ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები.

ამისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს, მე ვიტყოდი, შეტევის სტრატეგია, რომ ყველა მიმართულებით, ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და მზად არ აღმოვჩნდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ და რომ მივდივართ მოკლე გზაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დადასტურებაა არჩევნების გაყალბების ყველა იმ მეთოდის შესახებ, რაზეც სამოქალაქო საზოგადოება აქამდეც საუბრობდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საბოლოო დასკვნის მნიშვნელობა საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით უფრო იზრდება.

"ვართ ახალ ეტაპზე, მას მერე, რაც ეუთო/ოდირმა დადო თავისი საბოლოო დასკვნა არჩევნების შესახებ. ჩვენ ყველამ, აქ მყოფმა და საზოგადოებამ, კიდევ უფრო კარგად ვიცით, თუ რა მოხდა არჩევნების დროს, როგორ და რა მეთოდებით გაყალბდა არჩევნები, ამიტომ არავის არაფრის დამტკიცება აღარ სჭირდებოდა, მაგრამ ასევე ყველამ ვიცით, რომ საბოლოო დასკვნა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, ელოდებოდნენ ამ საბოლოო დასკვნას.

სამწუხაროდ, ბატონი კობახიძისთვის, არაფერს ცვლის, ორ წუთში გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან კარგი დასკვნაა და ლეგიტიმაციას გვაძლევსო - ეს არის მისი სიტყვები. ჩვენ არ ვართ ჯერ საბჭოთა რეჟიმში და სისტემაში, რომ მისი ნათქვამი იმდენად ჩაკეტილ სივრცეში მოხვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს და ვერ გაიგონ სიმართლე. სიმართლე არის სულ სხვა, ეს დასკვნა არის ძალიან სერიოზული და ასახავს ყველა იმ გაყალბების ფორმას, მეთოდს, რაც ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ და ამას ანგარიში ადასტურებს ძალიან ფორმალურად", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

20 დეკემბერს ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საბოლოო შემაჯამებელი დასკვნის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო ისეთ დარღვევებზე, როგორებიცაა ხმის ფარულობის დარღვევა, დაშინება, მანიპულაცია და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები