მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადავდივართ იმპლემენტაციის ეტაპზე“ - დავითაშვილი შავი ზღვისქვეშა კაბელის პროექტზე

ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანა შავი ზღვისქვეშა კაბელის პროექტის იმპლემენტაციის ეტაპზე გადადის და განახლებულ ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლების ბრიუსელში ვიზიტისას ევროპელ კოლეგებს გაუზიარებენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიუსელში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა უკვე დადასტურებულია და საუბარი განხორციელების ტექნიკურ დეტალებზე უნდა დაიწყოს.

„განახლებული ინფორმაცია იქნება გაზიარებული ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის შავი ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის ელექტროკაბელისა და ამ პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ გადავდივართ იმპლემენტაციის ეტაპზე და ძალიან ბევრი ინფორმაცია უკვე შეგროვებულია და გამოიკვეთა. პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა ფაქტობრივად დადასტურებულია. ახლა ჩვენ ვისაუბრეთ განხორციელების ტექნიკურ დეტალებზე, მათ შორის, ფინანსების მოზიდვის და ა.შ.

ასევე, ვისაუბრებთ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ რუმინელ კოლეგებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველო და რუმინეთი დაუკავშირდეს და ეს იყოს ალტერნატიული საიმედო არხი იმისთვის, რომ საქართველოში ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების პროცესი დაჩქარდეს და ამაზე საზოგადოებას ხშირად ვესაუბრებით ხოლმე.

და ბოლოს, რომელიც ალბათ ყველა ადამიანს შეეხება, ეს არის ერთიან როუმინგულ კავშირში საქართველოს ჩართვა, აქაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და გვექნება საუბარი უკვე ევროპელ კოლეგებთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქვეყნის ევროპასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ზუსტად სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებია. ამ კუთხით, საქართველომ ფაქტობრივად დაკავშირებადობის ქოლგის ქვეშ ძირითადი პრიორიტეტული პროექტების თავმოყრა მოახდინა, რაზედაც ფოკუსს გააკეთებენ.

ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეიძლება კანდიდატობის მიღების შემდეგ საქართველომ უფრო დაჩქარებული რეჟიმში მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ ერთიან ბაზარზე.

„შესაბამისად, იცით, რომ უკვე მომზადებულია დეტალური სამოქმედო გეგმა, DCFTA-ს ვალდებულებების მიღმა, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუწყობდა. ჩვენ ეს გეგმა უკვე წარვუდგინეთ ევროკავშირს და გვექნება ამ გეგმაზე საუბარი. ველოდებით, რომ მათი მხრიდან იქნება დადასტურება და ეს იქნება ფაქტიურად თანამშრომლობის განახლებული დღის წესრიგი ეკონომიკური მიმართულებით, ეკონომიკურ საკითხებში.

რაც შეეხება დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს, ეს იქნება პირდაპირი საბორნე კავშირების კიდევ უფრო ხელშეწყობა, რომელზედაც იცით, რომ ჩვენ წლებია ვმუშაობდით, ჩატარდა დეტალური კვლევა, რომ საჭიროა გარკვეული მხარდაჭერის სქემების ამოქმედება. თუმცა, ჩვენ დღესაც გვაქვს ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები