მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადავწყვიტეთ, განთავსების ფასი არ გაგვეზარდა“ - Chateau Mere-ში წელს ბრუნვის 60%-მდე ზრდას ელიან

6479da321f806
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.23 16:12
662
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოქმედ სასტუმრო „შატო მერეში“ 2023 წელს ბრუნვის 50-60%-ით გაზრდას ელიან. სასტუმროს დატვირთულობისა და მოლოდინების შესახებ BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში მისმა მმართველმა პარტნიორმა გია პირადაშვილმა ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ 2022 წელის მათთვის ტურიზმის აღდგენის წელი არ ყოფილა, რადგან ქვეყანაში ძირითადად მიგრანტების ნაკადი შემოდიოდა, რომელიც თავის საცხოვრისს პოულობდა და ტურისტის ქცევით არ ხასიათდებოდა. წელს კი მდგომარეობა შეიცვალა და „შატო მერეში“ ჯავშნები სხვადასხვა მიმართულებიდან კეთდება.

„ჩვენ წელს მივიღეთ არამხოლოდ რუსეთიდან და უკრაინიდან სტუმრები, არამედ კორეიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან, ისრაელიდან. ესენი არიან ტურისტები. ეს არის სხვა სეგმენტი, თანხის დამხარჯველი და სხვა ქცევით ხასიათდებიან.

გასულ წელს ჩვენი საერთო ბრუნვა 2 მლნ ლარი იყო. წელს ვფიქრობთ 3 მლნ ლარს გადააჭარბებს, ანუ მინიმუმ 50-60%-ით უნდა გავიზარდოთ, რათა იმ საფეხურზე დავდგეთ, რომ განვითარების საშუალება მოგვეცეს“, - ამბობს პირადაშვილი.

სასტუმროს მმართველი პარტნიორის თქმით, 2011 წელს გახსნილი სასტუმრო პანდემიის პერიოდში 44 ნომრიდან 65 ნომრამდე გაფართოვდა და ინფრასტრუქტურულადაც განვითარდა.

გია პირადაშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარებას „პროკრედიტ ბანკთან“ თანამშრომლობით ახერხებენ. შედეგად დღეს „შატო მერე“ 65 ოთახს, 2 სარესტორნო სივრცეს, აქედან ერთი 200-კაციანია, მეორე კი ტრადიციული და სამ სპა სივრცეს მართავს, აქედან ერთი აუზი მეოთხე ახალი ბლოკის ნაწილში მოეწყო. „სასტუმრო კოვიდის პერიოდში გავაფართოვეთ და ეს პერიოდი კარგად გამოვიყენეთ. ძალიან სწორი მიდგომა იყო“, - აღნიშნა პირადაშვილმა.

კითხვას - რა გავლენა იქონია მსოფლიოსა და საქართველოში არსებულმა ინფლაციურმა პროცესებმა სასტუმროში განთავსების ღირებულებაზე, მმართველი პარტნიორი პასუხობს, რომ მარჟის შემცირების ხარჯზე ფასები უცვლელად დატოვეს.

„სასტუმრო ბიზნესი ძალიან მგრძნობიარეა ინფლაციასა და ფინანსური რყევების მიმართ. ფასების ზრდა ან ცვლილება სასტუმროს გაყიდვებზე ძალიან ცუდად აისახება ხოლმე. რთულია, შენი მომხმარებელი ახალ ფასს მიაჩვიო და თუნდაც კვარტალური ცვლილება უარყოფითად აისახება ფასებზე. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ის ფასი დაგვეტოვებინა, რაც ადრე გვქონდა და ბრუნვა ამის ხარჯზე გაგვეზარდა.

განთავსების საშუალო ღირებულება 260 ლარია. ლუქსის ტიპის ნომერი კი უფრო მეტი ღირს“, - განმარტა „შატო მერეს“ მმართველმა პარტნიორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები