დეპუტატმა აღნიშნა, რომ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის არსებული რესურსით მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნავს, თუმცა მაღალი ინფლაციის პირობებში მათი ამომრჩევლები ამით უკმაყოფილონი არიან, ეს საკითხი კი ეროვნული ბანკის მანდატს წარმოადგენს.
„პარლამენტი და მთავრობა დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქოს და მცირეოდენი, რაც ბიუჯეტს შეუძლია, ხელფასებს და დახმარებებს ვუზრდით, მაგრამ ამ მიღწევებზე, რაც გვაქვს, გვეუბნებიან, რომ ინფლაციაა და ყველაფერი გაძვირებულია. ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდით თქვენ, მე ხომ მათ წარმოვადგენ პარლამენტში, მე გეტყვით, თქვენს ადგილზე როგორ მოვიქცეოდი - ნემსის ყუნწში გავძვრებოდი, თქვენს ჯგუფთან ერთად, რადგან თქვენ შეგიძლიათ ეს და მივცემდი პირობას მოსახლეობას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს გააკეთებთ, რათა ინფლაციის დონე ზღვრულ ფარგლებში იყოს. მოკლე კითხვა და მოკლე პასუხი გამეცით - როდის იქნება და იქნება თუ არა ინფლაცია ზღვარის ფარგლებში? თქვენი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, მჯერა, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. კეთილი ინებეთ, ნემსის ყუნწში გაძვერით და ეს თემა მომავალი წლის პირველ კვარტალისთვის მაინც გააკეთეთ“, - მიმართა ბეჟან წაქაძემ კობა გვენეტაძეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ინფლაციური პროცესების გადაჭრა, ისევე როგორც პანდემიის მართვა რთულია.
„დღევანდელი მონაცემებით, ინფლაციამ შემცირება მომავალი წლის მარტში უნდა დაიწყოს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს. ამის ფიქრის საშუალებას იძლევა მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენის შემცირება, რომელიც იანვარ-თებერვალში მთლიანად გამოცლილი იქნება; ამავე დროს გვაქვს დაშვებები FAO-ს ინდექსთან, ნავთობთან დაკავშირებით; ასევე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ტურიზმის აღდგენა, ბიუჯეტის დეფიციტსაც ვიღებთ მხედველობაში და ამ საკითხების ერთობლიობით ვფიქრობთ, რომ ინფლაცია შემცირდება“, - განმარტა კობა გვენეტაძემ.