მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა ზამთრის კურორტებზე დასვენება? - სექტორის მოლოდინი

6351382e456df
თათია ჩაფიჩაძე
21.10.22 09:00
812
სამთო-სათხილამურო კურორტები 2023 წლის ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. როგორც სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, მოლოდინები გუდაურსა და ბაკურიანთან მიმართებით პოზიტიურია, რაც სავარაუდოდ დასვენებაზე ფასებს გაზრდის.

„ინნ ჯგუფის“ ხელმძღვანელი ერეკლე კოკაია აცხადებს, რომ ფასები სავარაუდოდ 2019 წლის ნიშნულს მცირედით გადააჭარბებს და მათ ქსელში 300-დან 400 ლარის ფარგლებში იქნება, თუმცა გაზრდილი ხარჯების ფონზე ბიზნესის მოგებიანობა 2019-წლიან ნიშნულს მაინც ვერ დაუბრუნდება.

„ზამთრის ტურისტული სეზონისთვის კერძო სექტორმა მზადება უკვე დავიწყეთ. ფასები ოდნავ გაზრდილი იქნება, დაეწევა ან მცირედით გადაასწრებს 2019 წელს არსებულ ფასებს. ეს დამოკიდებულია მოთხოვნაზე და ახლა რთული განსასაზღვრია რა მოთხოვნა იქნება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ხარჯი სასტუმროებს გაზრდილი აქვთ დაწყებული კომუნალურებიდან, რომელიც გაორმაგებულია, დამთავრებული სახელფასო ანაზღაურებით, შესაბამისად მოგებიანობა ამ ინდუსტრიაში საგრძნობლად შემცირებულია“, - აცხადებს კოკაია.

რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს და ჯავშნებს, „ინნ ჯგუფის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურობა ტაილანდიდან და სინგაპურიდან შეინიშნება, ზამთრის ჯავშნები კი უმეტესად ბალტიისპირეთის ქვეყნებზე მოდის.

„საბედნიეროდ მოლოდინი დადებითია, დიდი მოთხოვნაა უცხოელების მხრიდან გუდაურზე, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ დატვირთულობა მაღალი იქნება. ახლაც მაღალია მოთხოვნა ბაკურიანზე ადგილობრივების მხრიდან. დაბალი სეზონურობის გათვალისწინებით 50-60%-ის ფარგლებშია რაც წინა წლებთან შედარებით მაღალია, 2019-ს თუ შევადარებთ თითქმის იგივეა.

მიგრანტების ეფექტი აქ ნაკლებია, ვინც დიდი ხნით მოდის საქართველოში, ისინი დიდი ხნით სასტუმროში არ ჩერდებიან. ტურისტების უმრავლესობა, რომელიც სასტუმროში რჩება არაბული ქვეყნებიდანაა და ახლა დაგვემატა ტაილანდი, რომელიც დიდი პოტენციალის მქონე ბაზარია. ამას დიდი ხანია ველოდით.
ტაილანდთან 2019 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა, მაშინ კარგი შედეგი გვქონდა, თუმცა პანდემიის გამო გაჩერდა და ახლა, ახალი ფრენები წამოვიდა. ვფიქრობთ, რომ ძალიან მაღალი მოთხოვნა იქნება. რაოდენობრივად ბევრნი არიან - საშუალო ბიუჯეტით. აგრეთვე გუდაური პოპულარულია ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, დიდი მოთხოვნაა ესტონეთიდან", - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, მისივე თქმით, გუდაურში უმთავრესად ეს დიდთოვლობის გამო გზების ჩაკეტვას უკავშირდება, რაც ტურისტულ ნაკადებს აფერხებს. "კარგი იქნება თუ ტექნიკა მომარაგებული გვეყოლება და გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება ხოლმე დროულად და არა მას შემდეგ, რაც ჩაიკეტება. ვინაიდან ბაკურიანში უმეტესად ადგილობრივები ისვენებენ, პრობლემას მანქანების რაოდენობა ქმნის, კურორტი მზად არაა ამდენი მანქანის მიღებისთვის, ამიტომ კარგი იქნება თუ დაემატება პარკინგი, წინა წლებში დაემატა ადგილები, თუმცა საკმარისი არ არის და ეს მოსაგვარებელია“, - განაცხადა კოკაიამ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები