ჰიპერმარკეტების ქსელის „გუდვილის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ხაბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სურსათის ფასების ზრდა, სუპერმარკეტების მიერ დაწესებულ ფასნამატს არ უკავშირდება.
როგორც მან BMG-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ბაზარზე არსებული მკაცრი კონკურენციის პირობებში, ვერც ერთი ქსელი ვერ აძლევს თავს უფლებას, პროდუქტებზე მაღალი მარჟა დააწესოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ბაზარზე კონკურენტუნარიანობას დაკარგავს.
„თუ სუპერმარკეტები ფასნამატს არ შეამცირებენ და მომხმარებელს რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასს არ შესთავაზებენ, განვითარება გაუჭირდებათ და პრობლემებიც შეექმნებათ”, - აცხადებს ხაბაშვილი.
მისი განმარტებით, სუპერმარკეტებში დაფიქსირებულ საბოლოო ფასში უდიდესი წილი მომწოდებლებზე მოდის: „მაგალითად, თუ მომხმარებელი პროდუქტში 10 ლარს იხდის, აქედან 8 ლარი პირდაპირ მომწოდებლისკენ მიემართება. დარჩენილი 2 ლარით, სუპერმარკეტი ფარავს ხელფასებს, იჯარისა და სხვა საოპერაციო ხარჯებს. კვლევებით, ყოველ გაყიდულ 10 ლარის პროდუქციაზე, სუპერმარკეტს მხოლოდ 30 თეთრი რჩება, ანუ 100 ლარზე - მაქსიმუმ 3 ლარი მოგება“, - ამბობს ხაბაშვილი.
მისივე ინფორმაციით, რიგ პროდუქტებზე სუპერმარკეტების ფასნამატი 5–12% ფარგლებშია. ხოლო პირველადი საჭიროების სურსათზე, როგორებიცაა კვერცხი, პური, რძე და ზეთი - საშუალოდ 15%-ის ფარგლებში: “ამიტომ, გაძვირების ხაზი არასოდეს გადის სუპერმარკეტებზე“, - აცხადებს „გუდვილის“ დირექტორი.
გიორგი ხაბაშვილი სურსათზე გაზრდილი ფასების მიზეზად იმპორტირებულ პროდუქციას და იმპორტდამოკიდებულებას ასახელებს. მისი ინფორმაციით, ევროკავშირიდან ერთი კონტეინერის შემოტანა 5 000–7 000 ევროს ფარგლებში ღირს, რასაც ემატება შიდა ლოგისტიკის ხარჯები. ეს ყველაფერი პროდუქციის საბოლოო ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.
გარდა ამისა, პრობლემად სახელდება მაღალი საიჯარო გადასახადები და ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში რიგი პროდუქცია გაძვირებულია. თუმცა ხაბაშვილი დასძენს, რომ ევროკავშირში პირველადი მოხმარების გარკვეულ პროდუქტებზე ფასი სახელმწიფოსგან სუბსიდირდება, რაც თავის მხრივ დაბალი ფასის ფორმირებას განაპირობებს.
„ევროპის ბევრ ქვეყანაში რძისა და სხვა პროდუქციის ინდუსტრიას სახელმწიფო ასუბსიდირებს, ზოგ კატეგორიაზე კი დღგ საერთოდ არ მოქმედებს. შესაბამისად, დახლზე პროდუქციის ფასები ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში“, - აღნიშნავს ხაბაშვილი.




























