მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაერო: ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო ყურეში 20 000 მეზღვაური და ათასობით ტურისტია ჩარჩენილი

ნავთობტანკერები

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არსენიო დომინგესმა განაცხადა, რომ ირანის მხრიდან თავდასხმების მუქარისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო სპარსეთის ყურეში 20,000 მეზღვაური და სამგზავრო ლაინერების 15 000-მდე მგზავრია ბლოკირებული.

IMO-მ გემთმფლობელებს რეგიონში მიმოსვლის სრული შეჩერებისკენ მოუწოდა. დომინგესის თქმით, საზღვაო ტრანსპორტი სამხედრო კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს, რადგან შექმნილი ვითარება გლობალურ ვაჭრობასა და უდანაშაულო ადამიანების უსაფრთხოებას უმძიმეს დარტყმას აყენებს.

კონფლიქტის მეხუთე დღეს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა: ირანული მედიის ცნობით, ხუთშაბათს ირანის ძალები ქუვეითის მახლობლად ამერიკულ ნავთობტანკერს დაესხნენ თავს, რასაც ხომალდზე ძლიერი ხანძარი მოჰყვა. პარალელურად, ყურის პორტების გადატვირთულობის გამო, ასობით გემი ღია ზღვაში რჩება, სადაც მათ ირანული დრონებისა და შორი მოქმედების რაკეტებისაგან მომავალი საფრთხე ემუქრებათ. საზღვაო მიმოსვლის შეფერხებამ უკვე გამოიწვია ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა, რაც IMO-ს პროგნოზით, საბოლოოდ მომხმარებელთა ჯიბეზე აისახება.

საერთაშორისო თანამეგობრობა კრიზისის მოსაგვარებლად სამხედრო და დიპლომატიურ გზებს ეძებს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საზღვაო კოალიციის შექმნასა და გემების უსაფრთხო გამცილებლობის უზრუნველყოფაზე მსჯელობენ. თუმცა IMO-ს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები საკმარისი არ იქნება და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართომასშტაბიანი დიპლომატიური ჩართულობაა საჭირო. ანალიტიკოსების შეფასებით, ხანგრძლივი ბლოკირების შემთხვევაში, პორტების ნორმალური მუშაობის აღდგენას, შესაძლოა, თვეები დასჭირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები