ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციები სექტემბრის ბოლომდე ხელახლა ამოქმედდება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში ირანის პირველი დიპლომატის მიერ წარმოდგენილი არადამაკმაყოფილებელი შემოთავაზება გახდა. როგორც მაკრონი ამბობს, ირანმა დიპლომატიური შესაძლებლობა არ გამოიყენა და რეალური შედეგის მიღწევისთვის ყველაზე სწორი მიდგომა ახლა სანქციების განახლება და ზეწოლის გაძლიერება იქნება.
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ აგვისტოში, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანს ულტიმატუმი წაუყენეს. თუ ოფიციალური თეირანი 30 დღის ვადაში გაეროს ექსპერტებს ბირთვულ პროგრამაზე დაკვირვების უფლებას არ აღუდგენდა და ამერიკასთან ბირთვულ მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდებოდა, 2015 წელს შეჩერებული სანქციების პაკეტი ხელახლა ამოქმედდებოდა. მიცემულ პერიოდში გაიმართა ბირთვული მოლაპარაკებაც, თუმცა ირანმა დიდი სამეულისთვის დამაკმაყოფილებელი შეთავაზება არ წარადგინა.
სანქციების დაწესების შემდეგ ირანს არამარტო შეიარაღების გაყიდვა, არამედ ურანის გასამდიდრებლად საჭირო მასალის მიღება, ასევე ბალისტიკური რაკეტების დამზადებისთვის აუცილებელ ტექნოლოგიაზე წვდომა შეეზღუდება. განიხილება საზღვარგარეთ ირანული ქონების დაყადაღება და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებაც.
მაკრონის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური თეირანიც. საგარეო საქმეთა სამინისტრომ E3-ის ქვეყნების გადაწყვეტილებას არალეგიტიმური უწოდა და აღნიშნა, რომ სანქციების აღდგენა კონკრეტულ შედეგებს გამოიწვევს. რა სახის რეაგირებაზეა საუბარია, ეს არ გაჟღერებულა.




























