მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერომ აფრიკის რეალური ზომების ასახვისთვის მსოფლიოს ახალი რუკის მიღებას დაუჭირა მხარი

რუკა

გაერომ კენჭი უყარა მსოფლიოს ახალი რუკის მიღებას, რომელიც ქვეყნების რეალურ ზომებს უფრო ზუსტად ასახავს. აღნიშნული რეზოლუციის ინიციატორები აფრიკული სახელმწიფოები არიან, რომელთაც მრავალსაუკუნოვანი "შეცდომის" გამოსწორება სურთ.

პარასკევს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით "შეასწორე რუკა" (Correct the Map).

გამოცემა Al Jazeera-ს თანახმად, რეზოლუციის მიზანია "კოლონიური ეპოქის იმ უსამართლობის აღმოფხვრა, რომელიც 450 წლის განმავლობაში აფრიკას ვიზუალურად აპატარავებდა და ამით გავლენას ახდენდა კონტინენტის აღქმაზე მედიაში, განათლებასა და პოლიტიკაში".

აფრიკის კავშირისა (AU) და ბაჰამის კუნძულების მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი 164–მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი (აშშ) იყო, ხოლო ექვსმა თავი შეიკავა - მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა, უკრაინასთან, მოლდოვასთან, სერბეთთან, ლიეტუვასა და ესტონეთთან ერთად.

კამპანიას სათავეში ტოგო ედგა, რომელიც ფართოდ გავრცელებული "მერკატორის რუკის" გამოყენების შეზღუდვას მოითხოვდა.

მე–16 საუკუნეში ფლამანდიელი კარტოგრაფის, გერარდუს მერკატორის მიერ შექმნილი პროექცია ამახინჯებს ხმელეთის ფართობებს – ის ზრდის პოლუსებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს. მაგალითად, ამ რუკაზე გრენლანდია აფრიკის ხელა ჩანს, მაშინ როცა რეალურად აფრიკა მასზე 14–ჯერ დიდია. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს რუკა პოპულარობას დასავლური ქვეყნების ხელოვნურად გაზვიადებისა და ევროპული უპირატესობის იდეის გამო ინარჩუნებდა.

"სამართლიანი სამყარო სამართლიანი რუკით იწყება", – განუცხადა ტოგოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ დუსიმ სააგენტო Reuters–ს კენჭისყრამდე.

ახალი რეზოლუცია უპირატესობას "თანაბარი დედამიწის" (Equal Earth) პროექციას ანიჭებს, რომელიც კონტინენტების ზომებს უფრო ზუსტად გადმოსცემს.

აღნიშნული რეზოლუცია არ არის იურიდიულად სავალდებულო და, როგორც ტოგოს სამინისტრო განმარტავს, "არანაირად არ აყენებს ეჭვქვეშ მერკატორის პროექციის გამოყენებას საზღვაო და საჰაერო ნავიგაციისთვის, რისთვისაც ის კვლავაც სრულად გამოსადეგია".

ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. აშშ–ის წარმომადგენლობის განცხადებით, ეს ინიციატივა "იდეოლოგიურ დღის წესრიგს" ემსახურება და ყურადღებას ფანტავს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საერთაშორისო მშვიდობა და კეთილდღეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები