გაეროს მომდევნო გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლა სულ უფრო დაძაბული ხდება. გამარჯვებული, რომელსაც ტრადიციულად მოქმედი ხელმძღვანელის უფლებამოსილების ბოლო წლის ოქტომბერ-დეკემბერში ირჩევენ, ორგანიზაციის რიგით მეათე გენერალური მდივანი გახდება. იგი თანამდებობას 2027 წლის 1 იანვარს დაიკავებს და ანტონიო გუტერეშს შეცვლის.
წლევანდელი არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან შესაძლოა, გაეროს ისტორიაში პირველად, ორგანიზაციას ქალი ჩაუდგეს სათავეში - რეგისტრირებული შვიდი კანდიდატიდან ხუთი ქალია.
თუმცა, ვინც არ უნდა ჩაიბაროს გაეროს ხელმძღვანელობა იანვარში, ექსპერტები თანხმდებიან, რომ მას 81 წლის ორგანიზაციის მართვა ურთულესი გამოწვევების ფონზე მოუწევს. მათ შორისაა შიდა რეფორმები, მწვავე ფინანსური დეფიციტი, კლიმატის ცვლილება, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი გავრცელება და მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა.
რა ფუნქციას ასრულებს გაეროს გენერალური მდივანი?
გენერალური მდივანი წარმოადგენს გაეროს მთავარ ადმინისტრაციულ პირსა და გაეროს სისტემის დე ფაქტო ხელმძღვანელს. ეს თანამდებობა, რომელსაც ხშირად ახასიათებენ როგორც "ნაწილობრივ დიპლომატს, ადვოკატს, საჯარო მოხელესა და აღმასრულებელ დირექტორს", 1945 წელს გაეროს წესდების მიღებით შეიქმნა, ხოლო პირველ გენერალურ მდივნად 1946 წელს ტრიუგვე ლი დაინიშნა.
გაეროს წესდება, გარდა თანამდებობის ზოგადი აღწერისა, არაფერს ამბობს კანდიდატის კვალიფიკაციაზე, სასურველ თვისებებზე, უფლებამოსილების ვადასა თუ შერჩევის პროცესზე. დეტალების არარსებობის გამო, კრიტერიუმები დროთა განმავლობაში რეზოლუციებითა და სხვა დოკუმენტებით ჩამოყალიბდა.
გენერალურ მდივანს საკმაოდ ფართო თავისუფლება აქვს იმაში, თუ როგორ წარმართავს საკუთარ საქმიანობას. ისტორიულად, ზოგიერთი ლიდერი, მაგალითად დაგ ჰამარშელდი (1953-1961) და უ ტანი (1961-1971), უფრო მედიატორის როლს ასრულებდა, ხოლო კოფი ანანი (1997-2006) უფრო აქტივისტურ პოლიტიკას ატარებდა.
ვინ იბრძვის გენერალური მდივნის პოსტისთვის?
გაეროს უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად ამჟამად შვიდი კანდიდატი იბრძვის.
ერთ-ერთი მათგანია ივონ ა-ბაკი - ეკვადორის ყოფილი ელჩი აშშ-ში, საფრანგეთსა და კატარში. იგი აცხადებს, რომ გაეროს სჭირდება "არა უბრალო მზრუნველი, არამედ მშვიდობისმყოფელი". მისი სამოქმედო ხედვა ომების პრევენციასა და შეჩერებაზე, უშიშროების საბჭოს წევრობის რეფორმაზე და ორგანიზაციის შიგნიდან ნდობის აღდგენაზე ამახვილებს ყურადღებას.
მეორე კანდიდატი ასევე ეკვადორიდანაა - გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, ეკვადორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მარია ფერნანდა ესპინოსა გარსესი. მისი კამპანია ხუთ მთავარ საყრდენს ეფუძნება: მშვიდობა და უსაფრთხოება, განვითარება, ციფრული და ენერგეტიკული ტრანსფორმაცია, დანაპირების შესრულების ხარვეზების აღმოფხვრა და გაეროს სანდოობის აღდგენა.
კანდიდატებს შორისაა რაფაელ მარიანო გროსი, რომელიც 2019 წლიდან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელობს. წარსულში იგი არგენტინის ელჩი იყო ავსტრიაში, ასევე წარმოადგენდა ქვეყანას IAEA-სა და ვენაში განთავსებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. გროსი უფრო ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული გაეროს მომხრეა და აცხადებს, რომ IAEA-ს ხელმძღვანელობის გამოცდილებამ იგი გენერალური მდივნის პოსტისთვის, განსაკუთრებით კი რთული კრიზისების მართვისთვის, კარგად მოამზადა.
პოსტისთვის იბრძვის რებეკა გრინსპან მაიუფისიც - კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მოქმედი გენერალური მდივანი. ეკონომისტი გრინსპანი აღნიშნავს, რომ გაერო ერთდროულად პოლიტიკური, ლეგიტიმაციისა და საოპერაციო კრიზისების წინაშე დგას. მისი პრიორიტეტები ორგანიზაციისადმი ნდობის აღდგენა, საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძვლების განახლება და კონკრეტული შედეგების მიღწევა იქნება.
სიაშია უგანდელი ვეტერანი დიპლომატი ოლარა ოტუნუ, რომელიც კოფი 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილედ და ბავშვთა და შეიარაღებული კონფლიქტების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა. წარსულში იგი ასევე იყო უგანდის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ოტუნუს მიზანია "იმედისა და რწმენის ეპოქის" დამკვიდრება გაეროს მორალური ავტორიტეტის გაძლიერებით, განვითარების რესურსების მობილიზებითა და რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავებით.
კიდევ ერთი კანდიდატია კაროლინ როდრიგეს ბირკეტი, რომელიც 2020 წლიდან გაიანას მუდმივი წარმომადგენელია გაეროში. მანამდე მას გაიანას მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. თავის პროგრამაში იგი ყურადღებას ამახვილებს გაეროს ფუძემდებლური პრინციპების განმტკიცებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და გლობალური განვითარების ხელშეწყობაზე.
შვიდეულს ასრულებს ლანა ზაკი ნუსეიბე - არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელმაც საარჩევნო კამპანიის გამო თანამდებობა დროებით დატოვა. მანამდე იგი საამიროების მუდმივი წარმომადგენელი იყო გაეროში და ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწის პოსტი პოლიტიკურ საკითხებში. ნუსეიბეს ხედვა მრავალმხრივი დიპლომატიის გაძლიერებას, გაეროს გამოცდილებისა და პარტნიორობების მაქსიმალურ გამოყენებას და კონფლიქტების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად "მშვიდი დიპლომატიის" ამოქმედებას ითვალისწინებს.
























