გაეროს მომდევნო გენერალური მდივნის შესარჩევი პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.
როგორც მედია წერს, უშიშროების საბჭოში კონსულტაციები ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება. ამავე პერიოდში დასახელდება საბოლოო გადაწყვეტილება და ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას 2027 წლის 1 იანვრიდან შეუდგება. შერჩეული კანდიდატი ამ თანამდებობაზე ანტონიუ გუტერეშს ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ გლობალური ორგანიზაციის ისტორიაში პირველად გაჩნდა რეალური შანსი, რომ უმაღლესი პოსტი ქალმა დაიკავოს. არსებული ინფორმაციით, განხილვის პროცესში მყოფი ექვსი კანდიდატიდან ოთხი ქალია.
რაც შეეხებათ შერჩეულ კონკრეტულ კანდიდატებს, ოფიციალურად დასახელებულთა უმრავლესობა საერთაშორისო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსს ხელმძღვანელობს.
მათ შორისაა ეკვადორის ყოფილი ელჩი აშშ-ში, ივონ ბაკი, რომელიც მშვიდობის მშენებლობასა და უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს.
ამავე ქვეყანას წარმოადგენს ყოფილი საგარეო და თავდაცვის მინისტრი მარია ფერნანდა ესპინოსა, რომელიც უსაფრთხოებასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე ამახვილებს ყურადღებას.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მოქმედი გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი კრიზისების მართვის პირად გამოცდილებას მიიჩნევს გლობალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის შესაფერის თვისებად.
გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) გენერალური მდივანი რებეკა გრინსპანი კი არჩევის შემთხვევაში ორგანიზაციის მიმართ ნდობის აღდგენის პირობას დებს.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობს უგანდელი ვეტერანი დიპლომატი ოლარა ოტუნუ, გაიანის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, კაროლინ როდრიგეს-ბირკეტი კი ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას უჭერს მხარს.
პარალელურად, დიპლომატიურ წრეებში უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოტენციური კანდიდატურა განიხილება. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მისი წარდგენის ინიციატივა უკვე წამოაყენა.
ინფორმაციისთვის, ორბანი, რომელიც უნგრეთის მთავრობას 16 წლის განმავლობაში მეთაურობდა და ბუდაპეშტის სათავეში 2026 წლის გაზაფხულამდე რჩებოდა, საკუთარ ხედვას გაეროს ბიუროკრატიული სისტემის რადიკალურ გადახედვასა და კონსერვატიულ დღის წესრიგზე აფუძნებს, თუმცა, როგორც ირკვევა, უნგრელი პოლიტიკოსი რბოლაში ჩართვას მხოლოდ გამარჯვების მყარი გარანტიების არსებობის შემთხვევაში გეგმავს.
ცნობისთვის, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა 1945 წელს შეიქმნა, პირველ ხელმძღვანელად კი 1946 წელს ნორვეგიელი ტრიუგვე ლი დაინიშნა.
























