გარე ელექტრომომარაგების მორიგი შეწყვეტის შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესათანხმებლად მოსკოვსა და კიევთან მუშაობა დაიწყო.
სააგენტოს განცხადებით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ორივე გარე ელექტროგადამცემი ხაზი უკვე 28-ედ გაითიშა, რის გამოც სადგური ენერგიას დიზელის გენერატორებიდან იღებს.
IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსმა ორივე მხარეს მოუწოდა, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად სააგენტოსთან კონსტრუქციულად ითანამშრომლონ და სამხედრო მოქმედებები შეწყვიტონ.
გროსი შიშობს, რომ არსებული ვითარება ელექტრომომარაგებას უკიდურესად არასტაბილურს გახდის და ობიექტის მეტად დაზიანების საფრთხესაც გაზრდის.
რაც შეეხება ელექტრომომარაგების შეწყვეტის მიზეზებს, IAEA-ს ცნობით, გათიშვა სავარაუდოდ, სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია. სადგურის რუსი ოპერატორების განცხადებით, ქსელიდან გათიშვა დამცავი მოწყობილობების ამოქმედების შემდეგ მოხდა.
ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ექვსრეაქტორიანი ატომური ელექტროსადგური ევროპაში უმსხვილესია. 2022 წლის თებერვლიდან მას რუსული ძალები აკონტროლებენ. სადგური ელექტროენერგიას აღარ გამოიმუშავებს, თუმცა რეაქტორებში ბირთვული საწვავის გასაგრილებლად მას ელექტრომომარაგება მუდმივად სჭირდება.
























