რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია Lukoil-მა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე Nizhegorodnefteorgsintez-ის ქარხანაში ნედლი ნავთობის გადამუშავება და ნავთობპროდუქტების წარმოება ავარიულ რეჟიმში შეაჩერა. გადაწყვეტილება 26 აგვისტოს განხორციელებული დრონების იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს უკავშირდება.
Nizhegorodnefteorgsintez-ის გაჩერებით, Lukoil-ის მფლობელობაში არსებულმა ყველა მსხვილმა რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ ნედლეულის გადამუშავება სრულად შეწყვიტა, ვინაიდან 21 აგვისტოს Permnefteorgsintez-ის, ხოლო 31 ივლისს ვოლგოგრადის ქარხნის საქმიანობა შეჩერდა.
ცნობისთვის, Nizhegorodnefteorgsintez-ი ნედლი ნავთობის გადამუშავების მოცულობით რუსეთში მეოთხე, ხოლო ბენზინის წარმოებით მეორე უმსხვილესი ქარხანაა, რომლის წლიური სიმძლავრე 15 მილიონ ტონას აჭარბებს.
საწარმოს წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ტონა ბენზინის, 5 მილიონ ტონაზე მეტი დიზელის, 2 მილიონ ტონაზე მეტი მაზუთისა და 0.5 მილიონი ტონა საგზაო ბიტუმის წარმოება შეუძლია.




























