უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე ღამით იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საწარმოო ზონაში რამდენიმეგან ხანძარი გაჩნდა.
UNIAN-ის ცნობით, დარტყმის ობიექტი „სლავნეფტ-იანოსის“ საწარმო გახდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ინდუსტრიულ ზონაში სამი ცალკეული ხანძარი დააფიქსირეს.
ინფორმაციისთვის, მოსკოვიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარე ეს ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი ობიექტია, რომელიც წლიურად დაახლოებით 15 მილიონ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს და ბენზინს, დიზელსა და საავიაციო საწვავს აწარმოებს.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, კიევმა ამ ობიექტზე იერიში მიმდინარე წლის 17 სექტემბერსაც მიიტანა, რა დროსაც ქარხნის ნედლი ნავთობის გადასამუშავებელი AVT-3 დანადგარი დაზიანდა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მოწოდების მიუხედავად, უკრაინული მხარე რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშებს აძლიერებს, რათა საწვავის მიწოდება შეაფერხოს და მოსკოვის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობები შეასუსტოს.
























