უკრაინაში ომის სამი წლის თავზე, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და ევროკავშირის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას. 24 თებერვლის კენჭისყრაზე 93-მა ქვეყანამ მისცა ხმა ერთობლივ რეზოლუციას, რომელმაც რუსეთი აგრესორ სახელმწიფოდ დაასახელა და მოუწოდა მას უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ. 18 ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა, ხოლო 65-მა თავი შეიკავა. საქართველო კი კენჭისყრაზე არ გამოცხადდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ბელორუსმა და ჩრდილოეთ კორეამ ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს, რაც ხაზს უსვამს აშშ-ს პოლიტიკის საგანგებო ცვლილებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რამაც დიდწილად გაათავისუფლა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებლობისგან.
გაეროში ასევე წარდგენილი იყო კიდევ ერთი რეზოლუციას უკრაინის შესახებ, რომელიც აშშ-მა შეიმუშავა. მასში იყო მოწოდება ომის სწრაფი დასრულების შესახებ, თუმცა რუსეთს აგრესორად არ ასახელებდა. მისი თანასპონსორები საქართველო და უნგრეთი იყვნენ. საბოლოოდ, აშშ-მა საკუთარ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა (ხმის მიცემისგან თავი შეიკავა) რადგან უკრაინის ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევით, საფრანგეთის მეთაურობით, მასში შევიდა შესწორება და მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ რუსეთი აგრესორია. შეცვლილი რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 93 ხმით მიიღო, 8 წინააღმდეგი იყო, ხოლო 73-მა, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა.
შემდეგ შეერთებულმა შტატებმა კენჭი უყარა თავდაპირველ პროექტს უფრო მძლავრ 15-წევრიან გაეროს უშიშროების საბჭოზე, სადაც რეზოლუციები იურიდიულად სავალდებულოა და მას აქვს ვეტოს უფლება რუსეთთან, ჩინეთთან, ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად. რეზოლუციას მხარი 10-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ თავი შეიკავა - ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ.
აღსანიშნავია, რომ 193-წევრიანი ორგანიზაციის მიერ მიღებული რეზოლუციები არ არის იურიდიულად სავალდებულო, მაგრამ განიხილება, როგორც მსოფლიო აზრის ბარომეტრი.




























