Toyota-მ წარმოების მექსიკიდან ტეხასში გადასატანად $3.6 მილიარდი გამოყო. როგორც ირკვევა, იაპონური ავტომწარმოებელი Tacoma-ს პიკაპების აწყობას სან-ანტონიოს ქარხანაში გააგრძელებს. ინვესტიციის შედეგად 2,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო 2030 წლისთვის საწარმოს ფართობი და წარმადობა თითქმის გაორმაგდება.
აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული ცვლილება ჩრდილოეთ ამერიკაში გაფართოების იმ უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია 2030 წლამდე დამატებით $10 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.
როგორც უცხოური მედია წერს, საწარმოს ადგილმდებარეობის ცვლილება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა კანადასა და მექსიკასთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა და ყოველწლიური გადახედვის მექანიზმი აამოქმედა. ამან კი Toyota-ს აქამდე არსებულ სტრატეგიას აზრი დაუკარგა.




























