მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს აშშ-ის ხაზინის სანქციების მიმართულების მაღალჩინოსანი ჯინ ლენგიც ახლდა. ამის შესახებ რამდენიმე მედიაგამოცემა წერს. თეთრი სახლი ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენლის დელეგაციაში მონაწილეობას ადასტურებს.
როგორც ცნობილია, უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ჯინ ლენგი არ დასწრებია, თუმცა იგი შეხვდა რუსეთის წარმომადგენელს კირილ დმიტრიევს.
ცნობისთვის, ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინის ომის საკითხზე ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გუშინ დაახლოებით 3-საათიანი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის დეტალები და შედეგები უცნობია, თუმცა, როგორც პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, შეხვედრა "კონსტრუქციული და ძალიან გულწრფელი" იყო.
„მოლაპარაკებები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გაცვლით - საკმაოდ დეტალურად განიხილეს ეკონომიკური საკითხები და პოტენციურად მსხვილი, ურთიერთსასარგებლო რუსეთ-ამერიკის პროექტები“, - თქვა მან. უშაკოვის თქმითვე, „აღინიშნა რუსეთის არმიის ხელშესახები წინსვლა საბრძოლო მოქმედებების ზონაში“. სხვა დეტალები პუტინთან შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
დღეს უკვე მოლაპარაკებები უკრაინულ მხარესთან გაგრძელდება. ტრამპის წარმომადგენლებს კიევში ელიან. აღსანიშნავია, რომ ეს მათი კიევში პირველი ვიზიტი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო, გაურკვეველია, თუ როგორ გაემგზავრებიან უიტკოფი და კუშნერი მოსკოვიდან კიევში.




























