მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს ბავშვთა კომიტეტმა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების ბრძანება შეაჩერა - "საფარი"

ბაია პატარაია

გაეროს ბავშვთა კომიტეტმა შეაჩერა სასამართლო ბრძანება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაციის გადაცემას სთხოვდა - ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ავრცელებს.

"საფარის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერომ საქართველოს მოუწოდა, თავი შეიკავოს სასამართლო ბრძანების აღსრულებისგან.

"გუშინ შევიტყვეთ, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა (CRC) განიხილა ჩვენი არასრულწლოვანი ბენეფიციარის მიმართვა საკუთარი უფლებების დასაცავად. კომიტეტმა დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და საქართველოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის გამოთხოვის, გასაჯაროების, და გადაცემისგან ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის ანტიკორუფციული ბიუროსთვის. ამით შეჩერდა 13 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანების აღსრულება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც CRC-მ გამოიყენა დროებითი ღონისძიება საქართველოში, იყო ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ბენეფიციარების საქმე.

მომხდარი ფაქტი უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი ქმნის სამართლებრივ პრეცედენტს: გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის სწრაფი რეაგირება გულისხმობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების შესაჩერებლად და, ამავდროულად, ხდება თვალსაჩინო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და სამოქალაქო საზოგადოების დევნაზე თვალს არ ხუჭავს.

ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ვთქვით, რომ საფარი არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს და მივმართავთ ყველა სამართლებრივ გზას უკანონო ბრძანებების შესაჩერებლად", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

თავად ბაია პატარაია წერს, რომ ეს დიდი გამარჯვებაა.

"ვულოცავ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ ბენეფიციარებს. ამ ცხრა არასამთავრობოს პრინციპულობამ უამრავი ადამიანი გადაარჩინა.მადლობა ჩვენ ბავშვ ბენეფიციარს, საფარის არაჩვეულებრივ გუნდს და საფარის მეგობარ იურისტებს ამ ბრძოლისთვის", - წერს ბაია პატარაია.

ცნობისთვის, 17 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, სასამართლო განჩინებები მიიღეს, რომლითაც მოთხოვნილია ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემა, ვისაც მათი დახმარებით უსარგებლია.

ორგანიზაციებს ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის წარდგენას შემდეგი კანონების საფუძველზე სთხოვენ: "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონი, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ ორგანული კანონი და "გრანტების შესახებ" კანონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები