ჩინეთის პრემიერი, ლი ქიანგი გაეროს მსგავსი ორგანიზაციის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საკითხის გარშემო მთელ მსოფლიოს გააერთიანებს. აზიური გიგანტის ლიდერმა წინადადება 2025 წლის შანხაის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე გააჟღერა.
ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება ორგანიზაცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები, AI-ინდუსტრიის ლიდერები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდებიან და ხელოვნური ინტელექტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში უსაფრთხო დანერგვაზე იზრუნებენ. ლი ქიანგის აზრით, ორგანიზაციის სათავო ოფისი შანხაიში უნდა გაიხსნას.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში, რომელზეც ჩინეთის პრემიერმა ახალი იდეა გააჟღერა, 800-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას. მათ ადგილზე 3,000-ზე მეტი AI-გამოგონება წარადგინეს. შეერთებული შტატების მიერ ხელოვნური ინტელექტის სფეროში მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის ფონზე, ჩინეთი მიზიდულობის ახალი ცენტრის შექმნას ცდილობს. გაეროს მსგავსი ორგანიზაციის შექმნის ინიციატივაც ამის ნაწილად შეგვიძლია აღვიქვათ.




























