OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ოლტმენტმა ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების პროგრესს „საოცარი“ უწოდა.
CNBC-სთან ინტერვიუში ოლტმენი აღნიშნავს, რომ დასავლეთში ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ იმ სისწრაფესა და მასშტაბს, რომლითაც ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ვითარდება. მისი თქმით, ჩინური კომპანიები, როგორიცაა: DeepSeek, Moonshot AI და Alibaba, არა მხოლოდ ეწევიან ამერიკულ ანალოგებს, არამედ ზოგიერთი მიმართულებით, მაგალითად, ღია კოდის მოდელებისა და წარმოების ეფექტურობის კუთხით, სჯობნიან კიდეც ამერიკულ სტარტაპებს.
ინტერვიუში OpenAI-ის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკვანძო ასპექტზე, რაც ჩინეთს გლობალურ კონკურენციაში სერიოზულ მოთამაშედ აქცევს. კერძოდ, ჩინეთს აქვს უნარი, გაცილებით სწრაფად და იაფად ააშენოს ინფრასტრუქტურა AI-მოდელების მუშაობისთვის, რაც პროდუქტებს მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
ChatGPT-ის ხელმძღვანელმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის მიერ დაწესებული ჩიპების ექსპორტის შეზღუდვების გრძელვადიანი ეფექტი და აღნიშნა, რომ მხოლოდ მიწოდების ბლოკირება ვერ შეაჩერებს ჩინურ ინოვაციებს, რადგან ჩინური კომპანიები აქტიურად მუშაობენ საკუთარი ნახევარგამტარების შექმნაზე.
სტრატეგიული თვალსაზრისით, ოლტმენი მიიჩნევს, რომ თუ დასავლური კომპანიები არ შესთავაზებენ ბაზარს კონკურენტუნარიან ღია მოდელებს, მსოფლიო ტექნოლოგიური ეკოსისტემა შესაძლოა მთლიანად ჩინურ პლატფორმებზე გადავიდეს, რაც ვაშინგტონისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება.




























