გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა გამო.
გაეროს წარმომადგენლობა განცხადებაში წერია, რომ "შოვში განვითარებული მეწყერი მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის".
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა განსაკუთრებით დაუცველები იყონ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ.
გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის გმირობის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული და დაუღალავად აგრძელებს მუშაობას ადგილზე, რათა ყველა დაზარალებულის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს.
გაერო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ჰუმანიტარულ პარტნიორებს კლიმატური კატასტროფების საფრთხის წინაშე მყოფი თემების მდგრადობის გაზრდის მიზნით ერთიანი ძალისხმევის კოორდინაციაში.
შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ცვლილების შერბილების, მდგრადობის გაძლიერებისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართ“, - აღნიშნავს გაეროს წარმომადგენლობა.