მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებულ სამეფოში არჩევნები მიმდინარეობს - ვინ არიან კანდიდატები?

გაერთიანებული სამეფო

4 ივლისი გაერთიანებული სამეფოსთვის საარჩევნო დღეა - ბრიტანელები დღეს ახალ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს აირჩევენ და, როგორც წინასწარი კვლევებით ჩანს, გამარჯვებული ხმათა დიდი უმრავლესობით გამოვლინდება.

უცხოური მედია იტყობინება, რომ, წინასწარი პროგნოზით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის კონსერვატიული პარტია არჩევნებში დამარცხდება, თავად სუნაკი კი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი პრემიერი გახდება, რომელიც პარლამენტში მანდატს დაკარგავს. ამასთან, ნავარაუდებია, რომ მომდევნო მთავრობა ლეიბორისტული პარტიის წევრებით დაკომპლექტდება.

კანდიდატები

გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკურ ლანდშაფტში ორი ძირითადი პარტია დომინირებს: მემარჯვენე-ცენტრისტული კონსერვატიული პარტია და მემარცხენე-ცენტრისტული ლეიბორისტული პარტია. კონსერვატორების ლიდერი რიში სუნაკია, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2022 წლის ოქტომბრიდან იკავებს და კენჭს მეორე ვადით იყრის. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კი კეირ სტარმენია, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიას 2020 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს.

საპარლამენტო არჩევნებში მანდატებისთვის მცირე ზომის პარტიებიც იბრძვიან, მათ შორის, ცენტრისტული ლიბერალ-დემოკრატები ედ დავეის ხელმძღვანელობით, მწვანეთა პარტია, რომლის ლიდერებიც კარლა დენიერი და ადრიან რემსი არიან, და ულტრამემარჯვენე პარტია Reform UK, ნაიჯელ ფერაჯის ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული პარტია გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებაში 14 წელია დგას და საკუთარ თავს ხშირად მიიჩნევს ბრიტანელი ხალხის “ბუნებრივ” არჩევანს. თუმცა ხალხის აზრის კვლევა აჩვენებს, რომ პარტიამ, შესაძლოა, მანდატების ⅔-ზე მეტი დაკარგოს, რაც დრამატული ცვლილებაა 2019 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც კონსერვატიულმა პარტიამ, ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით, ხმათა უმრავლესობა მოიპოვა - დაპირება ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესის საბოლოო დაგვირგვინება იყო.

გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება ლეიბორისტული პარტიის პირველი მოგება ეროვნულ არჩევნებში, 2005 წელს ტონი ბლერის გამარჯვების შემდეგ. პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მოტივები ცვლილება და “კონსერვატიული ქაოსის” დასრულებაა. ლეიბორისტები ასევე პირობას დებენ, რომ გააუმჯობესებენ ურთიერთობას ევროპასთან, გადასახადებს დააკისრებენ კერძო სკოლებს და აკრძალავენ შიდა წვის ძრავის მქონე, ბენზინსა და დიზელზე მომუშავე, ავტომობილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები