გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის £60 მილიონიანი საერთო ინვესტიცია ორი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის შექმნას მოხმარდება, რომლებიც კლიმატის ცვლილებას შეისწავლიან. ამის შესახებ BBC იტყობინება და განმარტავს, რომ ოფიციალური განცხადება ბრიტანულ-ირლანდიურ სამთავრობათაშორისო კონფერენციაზე გაკეთდება.
ახალი ცენტრები ბიომრავალფეროვნებასა და საკვები ინდუსტრიის მდგრადობის მიმართულებით იმუშავებენ. ისინი ირლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის სამთავრობო ადმინისტრაციაში მომუშავე აკადემიკოსებითა და მკვლევრებით დაკომპლექტდებიან.
გაერთიანებული სამეფო და ირლანდია დიდი ხანია, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების ერთობლივი გადაჭრის გზებს ეძებენ, რადგან, ამ მიმართულებით ორივე ქვეყნის მიზნები საერთოა: 2025 წლისთვის ორივე მათგანი ნახშირბადის ემისიების “წმინდა ნულოვან” ნიშნულამდე დაყვანას გეგმავს.
პროგრამისთვის სახსრები 6 წლის განმავლობაში გამოიყოფა და სრული საინვესტიციო ღირებულება 60 მილიონ ფუნტს მიაღწევს. აქედან 40 მილიონი ფუნტი ირლანდიის “სამეცნიერო ფონდიდან”, 17 მილიონი ფუნტი - ჩრდ. ირლანდიის აგრარული დეპარტამენტიდან, 12 მილიონი ფუნტი - კი გაერთიანებული სამეფოს კვლევისა და ინოვაციების ორგანიზაციიდან გამოიყოფა.