მსოფლიოს მეექვსე უდიდესი ეკონომიკის მქონე გაერთიანებული სამეფო სამხედრო დანახარჯების ზრდას აანონსებს. 2027 წლიდან, გაერთიანებული თავდაცვაზე ყოველწლიურად ექვს მილიარდ გირვანქა სტერლინგს დახარჯავს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ია. ფულს, რომელიც ჯარის დაფინანსების გასაზრდელადაა საჭირო, ქვეყანა ბრიტანული საგარეო დახმარების შემცირებით მიიღებს.
როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ამბობს, ხელისუფლებას რთული და მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება უწევს, მაგრამ სამხედრო ბიუჯეტის ზრდა, მისი თქმით, აუცილებელია, თუ ევროპულ ქვეყნებს რუსეთის ფედერაციისგან მომავალი საფრთხის განეიტრალება სურთ. პრემიერ-მინისტრის თქმით, სამხედრო ბიუჯეტის წილი, შესაძლოა, სამომავლოდ 3%-მდე გაიზარდოს.
გასულ წელს, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ბიუჯეტმა 53.9 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, ანუ ბიუჯეტის ზრდა, რომელსაც ერთი წლის ჭრილში ვიხილავთ, ყველაზე დიდი საბიუჯეტო ნამატია, რომელიც ჯარის და თავდაცვის მიმართულებით ცივი ომის დასრულების შემდეგ გამოიყო.
კირ სტარმერის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში, სადაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა ის მოთხოვნაა, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა ევროპულ სახელმწიფოებს რუსეთ-უკრაინის ომის გეოგრაფიული სიახლოვის გამო დაუწესა.




























