მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვალმა მშპ-ის 100%-იან ნიშნულს გადააჭარბა

6492c47370dcf
გიორგი არონია
21.06.23 13:39
651

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და მზარდი ინფლაციის ფონზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვალმა მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-იან ნიშნულს გადააჭარბა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, 1961 წლის შემდეგ არ მომხდარა. მიმდინარე წლის მაისში, საბიუჯეტო დანახარჯებსა და შემოსავლებს შორის სხვაობა პროგნოზირებულ მაჩვენებელზე მეტი აღმოჩნდა და 20 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ამგვარად, ფისკალური 2023 წლის პირველ ორ თვეში, გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო დეფიციტი თითქმის 43 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ანუ თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე შარშან.

საგარეო ვალის ზრდა პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის დაპირებას, რომლის თანახმად, საგარეო ვალის მაჩვენებელი, გაზრდის ნაცვლად, უნდა შემცირებულიყო. ამასთან, კარდინალურად შემცირდა გადასახადების შემცირების ალბათობაც, რაც კონსერვატიული პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელთა აზრით, შემდეგ არჩევნებში გასამარჯვებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკანასკნელი მონაცემებით, ლეიბორისტული პარტია კონსერვატიული პარტიას ორნიშნა მაჩვენებლით უსწრებს.

გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საგარეო ვალის გაზრდა პირდაპირ უკავშირდება ინფლაციურ კრიზისს, რომელმაც, ინგლისის ცენტრალურ ბანკს 2021 წლის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და რეფინანსირების განაკვეთის 0.1%-დან 4.5%-მდე გაზრდისკენ უბიძგა. მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ქვეყნის ხელისუფლებას მაისში 3.6 მილიარდი დაუჯდა, სახელმწიფო პროგრამების ინდექსირებაზე კი 2.9 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე, გაერთიანებულ სამეფოს საგარეო ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 100%-ზე მაღალი 1917-1961 წლებში დაფიქსირდა, როცა დედამიწას ორი მსოფლიო ომის გამოვლა მოუხდა. საგარეო ვალის მაქსიმალური მაჩვენებელი 1947 წელს დაფიქსირდა, როცა მან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 251.7% შეადგინა - იმ დროს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კლემენტ ეტლი იყო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები