გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის გადაწყვეტილებით და ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მეორის დადასტურებით, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში მიმდინარე წლის 4 ივლისს გაიმართება. რიში სუნაკის ამ გადაწყვეტილებას წინ გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის გაჯანსაღება უძღოდა წინ, რადგან არჩევნებში გამარჯვების წინაპირობას მმართველი “კონსერვატიული პარტია”, სწორედ ინფლაციის დაძლევაში, სახელმწიფო ვალის დასტაბილურებასა და გადასახადების შემცირებაში ხედავს. აპრილში, მოგეხსენებათ, წლიური ინფლაციის დონემ გაერთიანებულ სამეფოში 2.3%-მდე დაიკლო, ანუ პარამეტრი მიზნობრივ 2%-იან ნიშნულს მიუახლოვდა.
“ინფლაცია დავძლიეთ, საგარეო ვალი კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ, დასაქმებულთა გადასახადები შევამცირეთ, სახელმწიფო პენსია 900 გირვანქა სტერლინგით გავზარდეთ, საინვესტიციო გადასახადი შევამცირეთ და ბრექსიტით ბოძებული შესაძლებლობები გამოვიყენეთ, რათა გაერთიანებული სამეფო ბიზნესის კეთებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნად გადაგვექცია. ამასთან, დიდი დაფინანსება გამოვუყავით ეროვნულ ჯანდაცვის სისტემას, რითაც ექიმებისა და ექთნების მომავალი თაობების განათლება უზრუნველვყავით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი ის ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ბოლო წლების კრიზისი ყველაზე მტკივნეულად გადაიტანა და გასული წელი - ტექნიკური რეცესიით დახურა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა 0.7%-ით გაიზრდება.