მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2023 წელს 407 მილიონი ლარით იზარალა

წყალარინება

2024 წელს საქართველოს მთავრობის კუთვნილ სახელმწიფო კომპანიებს შორის ყველაზე დიდი - 407 მილიონი ლარის ზარალი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ჰქონდა. კომპანია თბილისს, რუსთავს, მცხეთასა და ბათუმს გარდა სხვა დასახლებული პუნქტების სასმელი წყლით და წყალარინების სერვისით უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" შემოსავლები მის საოპერაციო ხარჯებს ვერ ფარავს, რის გამოც ის ცენტრალური ბიუჯეტის სუბსიდიაზეა დამოკიდებული. 2022 წელს კომპანიამ 80 მილიონის სუბსიდია მიიღო, 2023-ში 20 მილიონი ლარის, 2024 წლის პირველ რვა თვეში კი 21 მილიონი ლარის სუბსიდია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ფისკალური რისკების ანალიზის თანახმად, კომპანია მაღალი ფისკალური რისკების მატარებელია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, რადგანაც კომპანიის ვალების მომსახურებაზე პასუხისმეგებელი სწორედ სახელმწიფოა. ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, მნიშვნელოვანია არსებობდეს წინასწარ განსაზღვრული სისტემა, რომლითაც კომპანიას დაფინანსების მიღება შეეძლება. სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამისთვის ოპტიმალური გამოსავალი შეიძლება იყოს სასმელი წყლის ტარიფის გადახედვა იმ პირობით, რომ სახელმწიფო მოახდენს ტარიფის ნაზრდის სუბსიდირებას, რომლითაც კომპანია საკუთარ ხარჯებს ადეკვატურად დაფარავს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვალდებულებების მოცულობა 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ძირითადად საერთაშორისო დონორებისგან აღებულ კრედიტებს წარმოადგენს, რომელთა დაფინანსებითაც კომპანია სასმელი და წყალარინების სისტემების განვითარებას ახდენს.

"კომპანია უკანასკნელ წლებში სტაბილურად აჩვენებს საოპერაციო ზარალს, რაც განპირობებული უნდა იყოს ტარიფის სოციალური ბუნებით და შესაძლო სხვა გაუცხადებელი კვაზი-ფისკალური აქტივობებით. 2023 წელსაც კომპანია განიცდის 2022 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილ საოპერაციო ზარალს, რაც უმთავრესად განპირობებულია გრძელვადიანი აქტივების გაუფასურების ხარჯით.

კომპანიისთვის გამოწვევად რჩება ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყლის დანაკარგების შემცირება, აღრიცხვის სისტემების დახვეწა და სატარიფო პოლიტიკა.

2023 წელს კომპანიის საერთო შემოსავლიდან 20 მლნ ლარი წარმოადგენს სახელმწიფოსგან
მიღებულ სუბსიდიას, რაც გამოყენებულ იქნა 2023 წელს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სასესხო ვალდებულების და კომპანიის საოპერაციო ხარჯების დასაფარად.

კომუნალური სექტორის არაკომერციულობა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, გარკვეულწილად გამართლებურია, თუმცა, აუცილებელია არაკომერციული კომპონენტების გამჭვირვალე პროცედურით კომპენსირება. შედეგად, შესაძლოა უცვლელი დარჩეს სუბსიდიების დონე, თუმცა, დადგინდეს კომერციული ტარიფი და შესაბამისი მეთოდოლოგიით დასუბსიდირდეს ტარიფი.

კომპანია ემსახურება 354 ათასზე მეტ საყოფაცხოვრებო და 26 ათასზე მეტ არასაყოფაცხოვრებო აბონენტს. 2023 წელს კომპანიის საოპერაციო ხარჯები გაიზარდა 477 მლნ ლარამდე, რაც მოიცავს გრძელვადიანი აქტივები გაუფასურების ხარჯსაც ( 360 მლნ ლარი). კომპანიამ 2023 წელი დაასრულა 407 მლნ ლარის ზარალით,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები