მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არის ყაზბეგში წყლის მიწოდება შეწყვეტილი? - წყალმომარაგების კომპანიის განმარტება

ყაზბეგი

ბოლო 6 დღეა წყალმომარაგება შეწყვეტილია. ამის შესახებ ადგილობრივი ბიზნესი საუბრობს. BM.GE დაინტერესდა, თუ რა გახდა წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი და როდის აღმოიფხვრება პრობლემა.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, პრობლემა მათი მხრიდან არ მომდინარეობს, პირიქით მოსახლეობა მათ მიზანმიმართულად ხელს უშლის ოპერირებაში, რისთვისაც კომპანია სამართლებრივ დავას აპირებს.

მისი თქმით, მოსახლეობას სურს, რომ სახელმწიფო საკუთრება მათ გადაეცეთ და მათვე მართონ.

„შეგნებულად, მოსახლეობის ნაწილმა დაგვიზიანა ურდული, ასევე ვანტუზები, რის შედეგადაც წყალი მხოლოდ გერგეთის მოსახლეობას მიეწოდებოდა და იჩაგრებოდა სტეფანწმინდის მოსახლეობა. გუშინვე, აღვადგინეთ რეზერვუარი. დროებით გერგეთის მოსახლეობას შევუწყვიტეთ წყალმომარაგება, თუმცა აღდგენის პროცესში წყალი ყველას მიეწოდებოდა. დავიწყეთ რეზერვუარის შევსება, რა დროსაც ისევ მოსახლეობამ დაიწყო ხელის შეშლა. გუშინ აქციებიც გაიმართა, თუმცა ეს აქციები მართული იყო. შეგნებულად ხდებოდა ოპერირებაში ჩარევა, რაც არის დანაშაული. როგორც ამ კომპანიის ხელმძღვანელი, აუცილებლად მოვითხოვ აღიძრას შესაბამისი საქმე და შესაბამისი პირები დაისაჯონ. აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. არა ის, რომ ვერ ვაწვდით წყალს, არამედ შეგნებულად ხდება ქონების დაზიანება.

ჩვენი რეგიონის ხელმძღვანელი ახლაც მოსახლეობას ხდება. თუმცა, ისინი ამბობენ, „ჩვენ უნდა გადმოგვეცეს ინფრასტრუქტურა, ჩვენ უნდა ვმართოთ“. შეგნებულად ახლაც მიმდინარეობს ოპერირებაში ხელშეშლა“, - განაცხადა ალექსანდრე თევდორაძემ.

თევდორაძე აღნიშნავს, რომ გარდა აღნიშნული გამოწვევისა, მოსახლეობა ხელს უშლის პროექტის განხორციელებაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და 24 საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები