მამაკაცის ტანსაცმლის ქართული ბრენდი „პალეკარტი“ 2025 წელს გაყიდვების 30-40%-იან ზრდას აფიქსირებს და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, უჩა ხმიადაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, ზრდა როგორც ბრენდის ცნობადობის, ისე ასორტიმენტის გაფართოების შედეგია.
"2025 წელს, 2024 წელთან შედარებით ჩვენ პროდუქციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მთლიანობაში გაყიდვებმა დაახლოებით 30-40%-ით მოიმატა. ზრდის ძირითად ფაქტორებად გამოვყოფთ ბრენდის ცნობადობის ზრდას, აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებსა და მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას", - ამბობს ხმიადაშვილი.
კომპანიამ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გააფართოვა ასორტიმენტი. დაემატა ჯინსის შარვლისა და პერანგის ახალი მოდელები, ასევე დაინერგა ჯინსის ინდივიდუალური კერვის სერვისი, რაც მომხმარებელს სრულად მორგებული მოდელის შეკვეთის შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენი ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ. დავამატეთ ახალი კატეგორიები, რომლებიც უკეთ უპასუხებს ბაზრის მოთხოვნებს. ინდივიდუალური კერვის მიმართულებით დავამატეთ ახალი ქსოვილები და განახლებული მოდელები“, – აცხადებს თანადამფუძნებელი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აქსესუარების ხაზი კიდევ უფრო ფართოვდება - მომავალი თვიდან კოლექციას შეემატება ჰალსტუხები, ბაფთები, ქამრები, კეპები და ფეხსაცმლის ახალი მოდელები. ამ ეტაპზე ბრენდის განვითარება სრულად კონცენტრირებულია მამაკაცის ხაზზე და არ იგეგმება ქალის ხაზის დამატება.
აღსანიშნავია, რომ „პალეკარტი“ აქტიურად მუშაობს მეორე ფილიალის გახსნაზეც. კომპანია ლოკაციას სავაჭრო ცენტრებში ეძებს, რათა მაღალი ტრაფიკი და ბრენდის ხილვადობა უზრუნველყოს. მენაბდის განმარტებით, ახალი სივრცე განსხვავებული კონცეფციით იმუშავებს.
„ახალი ფილიალი იქნება მეტად კოლექციაზე ორიენტირებული, სპეციალურად შერჩეული მოდელებითა და სერვისებით. რა თქმა უნდა, მსგავსება იქნება ჩვენს ძირითად ფილიალთან, მაგრამ მომხმარებელს ახალ, განსხვავებულ გამოცდილებას შევთავაზებთ“, – ამბობს მენაბდე. მისივე თქმით, ინვესტიციის მოცულობა შერჩეული ლოკაციისა და ფართის სპეციფიკაზე იქნება დამოკიდებული.
უჩა ხმიადაშვილის ინფორმაციით, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო გაფართოებაა. ბრენდი უკვე განიხილავს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, როგორც პირველ ეტაპზე პოტენციურ ბაზრებს.
„საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. უკვე მიმდინარეობს აქტიური კვლევა და მოლაპარაკებები. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვა, არამედ ბრენდის ცნობადობისა და რეპუტაციის გაძლიერება საერთაშორისო დონეზე“, – აცხადებს ხმიადაშვილი და დასძენს, რომ მომავალი თვიდან ამოქმედდება ბრენდის ოფიციალური ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც პროდუქციის შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი. პარალელურად, კომპანია იწყებს თანამშრომლობას საერთაშორისო ონლაინ მედია პლატფორმებთან, რათა უცხოურ ბაზრებზე ცნობადობა გაზარდოს.
რაც შეეხება ფასების პოლიტიკას, „პალეკარტში“ აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში პროდუქცია საშუალოდ 5-10%-ით გაძვირდა, რაც ნედლეულის და წარმოების ხარჯების ზრდას უკავშირდება.
„მიუხედავად ამ ცვლილებისა, ჩვენი ფასები რჩება კონკურენტუნარიანი ბაზარზე, ხოლო ხარისხი და მომხმარებელზე მორგებული მომსახურება კვლავ უპირობოდ მაღალია“, - ამბობს თანადამფუძნებელი.
"პალეკარტიში" აცხადებენ, რომ 2026 წლისთვის კომპანია ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას, ადგილობრივი წარმოების ოპტიმიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას გეგმავს. სტრატეგიაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ციფრული არხების განვითარებასა და ონლაინ პლატფორმების ინტეგრაციას, რაც ბრენდს მომხმარებელთან უფრო მოქნილ და თანამედროვე კომუნიკაციას საშუალებას მისცემს.




























