მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაფიცვა „დელისიაში“ – ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ თანამშრომელთა ნაწილი გაათავისუფლა

5fa9885b9da21
თამთა ჯიჯავაძე
09.11.20 22:17
2549
ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელმა კომპანია „ქართულმა სახლმა“ (დელისიამ) თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც გაფრთხილების გარეშე სამსახურში არ გამოცხადდნენ, დაითხოვა. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მაკა ნაცვლიშვილმა განუცხადა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რამდენ თანამშრომელზეა საუბარი.

როგორც მაკა ნაცვლიშვილი ამბობს, თანამშრომლების ნაწილმა თავდაპირველად გაფიცვა ოქტომბრის დასაწყისში ხელფასის დაგვიანების გამო მოაწყო, კომპანიამ მათ რამდენიმედღიანი დაგვიანების შემდეგ ანაზღაურება გადაუხადა, თუმცა, გააფრთხილა, რომ კომპანიის წინასწარ გაფრთხილების გარეშე სამსახურში გამოუცხადებლობის მეორეჯერ გამეორების შემთხვევაში, კომპანია უფრო მკაცრ ზომებს მიიღებდა.

„დაახლოებით 5-6 ოქტომბერს გაიცა პირველი გაფრთხილება. სამსახურში არ გამოცხადდნენ ხელფასის ხუთი დღით დაგვიანების გამო. მაგრამ მათ სრულად აუნაზღაურდათ გადაცილებული დღეები. რადგან ჩვენ გვყავს ცოცხალი ღორები და ვყიდით ხორცს, როგორც სხვა კომპანიებში, ჩვენთანაც არის დაგვიანება, მაგრამ ეს არ სცილდება 2-3 დღეს. კომპანია უნაზღაურებს როგორც წესი და კანონი არის ამ გადაცილებულ დღეებს. იყო რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც გაფრთხილების გარეშე არ გამოცხადდნენ სამსახურში და კომპანიამ დააჯარიმა ისინი ხელფასის 49%-ით“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ჯარიმის დაწესებას უკვე თანამშრომლების გაფიცვის მეორე ტალღა მოჰყვა, რის შემდეგაც კომპანიამ ისინი დაითხოვა. როგორც მაკა ნაცვლიშვილი bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, საუბარია ე.წ პრომოუტერებსა და მერჩენდაიზერებზე.

ცნობისთვის, კომპანია „ქართულ სახლს“ აქვს ღორების ფერმა, და ხორცის რეალიზაციის გარდა, ასევე აწარმოებს ძეხვეულს, რომელიც იყიდება როგორც მათ საფირმო მაღაზიებში, ასევე „კარფურის“ ქსელში.

თავად კომპანიის თანამშრომლები “ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობენ, რომ კომპანიაში დასაქმებულების შრომა მძიმე და არასაკმარისად ანაზრაურებადია, ხელფასების ჩარიცხვა კი თვეობით უგვიანდებათ.

კომპანიასა და გაფიცულებს შორის მოლაპარაკებების პროცესში გასულ თვეს მედიატორად პროფკავშირებიც ჩაერთო. თუმცა, როგორც ჩანს მხარეებმა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„ხელახალი გაფიცვა ჯარიმის გამო მოაწყვეს. ჩვენ ჩვენი პოზიციები წარვუდგინეთ მედიატორს, მედიატორმა ისინი გადასცა ალბათ. ისინი არ ეთანხმებიან და ითხოვენ 49%-იანი ჯარიმის გაუქმებას, რაზეც ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათ ჰქონდათ სრული უფლება დაეჯარიმებინათ აღნიშნული თანამშრომლები, რადგან კომპანიას მიადგა ზიანი.

ჩვენ ვალდებულები ვართ „კარფურის“ წინაშე, დადებული გვაქვს ხელშეკრულება, რომლითაც მკაცრად არის გაწერილი, რომ თუ ჩემი თანამშრომელი არ გამოცხადდება ობიექტზე, მაქვს ჯარიმა, თუ მე პროდუქციის რეალიზაციას ვერ მოვახდენ [განსაზღვრული] რაოდენობით, მაქვს ჯარიმა, ანუ კომპანიას ადგება ზიანი და სამსახურში თანამშრომლების გამოუსვლელობით, კომპანიამ საკმაოდ დიდი ზარალი განიცადა“, – განაცხადა მაკა ნაცვლიშვილმა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ე.წ მერჩენდაიზერებისა და პრომოუტერების გაფიცვას არ შეუერთდნენ ბათუმში, იგივე პოზიციაზე დასაქმებულები და ასევე თბილისში კომპანიის საფირმო მაღაზიის თანამშრომლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები